ახალი ამბები

კალაძე: ხმების 75% დათვლილია, კახაძეს 62.5% აქვს

9 ივნისი, 2019 • 1434
კალაძე: ხმების 75% დათვლილია, კახაძეს 62.5% აქვს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, წარადგინა მთაწმინდის არჩევნების წინასწარი მონაცემები, რომელთაც, მისი თქმით, პარტიის წარმომადგენლები უბნებიდან აწვდიან.

მისი თქმით, მმართველი პარტიის კანდიდატი ლადო კახაძე არჩევნებში დიდი სხვაობით იმარჯვებს.

“მინდა, ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. მინდა, პირადად მათ მივაწოდო ინფორმაცია დათვლილ ხმებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, რასაც ჩვენ გვაწვდიან უბნებიდან ჩვენი წარმომადგენლები, ხმების 75%-ა დათვლილი. აქედან 62.5% არის ბატონი ლადო კახაძის, 37.5% – ბატონი შავგულიძის. კიდევ ერთხელ მინდა, ბატონ ლადოს მივულოცო დამაჯერებელი გამარჯვება”, – აღნიშნა მან და განაცხადა, რომ ესაა მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი მათ მიმართ, ვინც ცდილობდა, “სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა”, – აღნიშნა მან.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების ოფიციალური შედეგები, ჯერჯერობით, არ გამოუქვეყნებია.

პირველად კალაძემ “ქართული ოცნების” კანდიდატს გამარჯვება 20:00-ზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიულოცა. ასევე მოიქცა დეპუტატი არჩილ თალაკვაძე.

თუმცა, აღნიშნულიდან ცოტა ხანში,  მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ლადო კახაძემ, განაცხადა, რომ არ იცნობს არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომელთა საფუძველზეც პარტიის წევრებმა მას გამარჯვება მიულოცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი