ახალი ამბები

მზარდი საფრთხეების ფონზე, ვარშავის პრაიდზე ათობით ათასი ადამიანი მივიდა

9 ივნისი, 2019 • 2059
მზარდი საფრთხეების ფონზე, ვარშავის პრაიდზე ათობით ათასი ადამიანი მივიდა

“[არ არის აუცილებელი], ყველა წავიდეს თანასწორობის აღლუმზე, მაგრამ ყველამ უნდა სცეს პატივი უმცირესობათა უფლებებს”, – ასე მიმართა ვარშავის მერმა ლგბტ პრაიდზე შეკრებილ ათობით ათას ადამიანს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პოლონეთის დედაქალაქის მერი აღნიშნულ მსვლელობას დაესწრო.

ვარშავის პრაიდს არც წელს დაუთმია აღმოსავლეთ ევროპაში უდიდესი ლგბტ პრაიდის წოდება – ქალაქის მერიის მონაცემებით, 8 ივნისის მსვლელობაზე 47 000 ადამიანი მივიდა. პრაიდის მონაწილეებმა – ძირითადად, ახალგაზრდებმა – შეძახილებით, ცეკვითა და სიმღერით, ცისარტყელის დროშებითა და პლაკატებით გაიარეს დედაქალაქის ქუჩები.

რიგი ქვეყნების დიპლომატიურმა უწყებებმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს და სხვებთან ერთად ჩაებნენ მსვლელობაში. მათ შორის იყვნენ კანადის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების დიპლომატები.

ვარშავის მერი პრაიდის მონაწილეებს მიმართავს. ფოტო: Facebook/Rafał Trzaskowski

პრაიდი ქვეყნის ხელისუფლებისა და აგრესიული ჯგუფების მხრიდან ხისტი რიტორიკის, მზარდი საფრთხეებისა და ცხარე პოლიტიკური დებატის ფონზე გაიმართა. Reuters-ის თანახმად, არაერთი ანალიტიკოსის აცხადებს, რომ ქვეყნის მმართველი “კანონისა და სამართლიანობის პარტია” 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ამომრჩევლის მოსაზიდად თავის პოლიტიკას სწორედ დასავლური ლიბერალიზმისა და სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართავს.

იმ ფონზე, როცა პოლონელებს შორის ლგბტ ადამიანების მიმართ მიმღებლობა იზრდება, ქვეყნის მეტად კონსერვატიულ რეგიონებში საზოგადოება კვლავ ხისტ დამოკიდებულებას ინარჩუნებს აღნიშნული საკითხის მიმართ. ამით სარგებლობს მმართველი ძალაც, რომლის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ, ლგბტ უფლებების მოძრაობას უცხოური იმპორტი უწოდა, რომელიც პოლონეთის ეროვნულ იდენტობას ემუქრება. კონსერვატიულ მხარეებში კი, არაერთმა მუნიციპალიტეტმა თავი “ლგბტ-სგან თავისუფლად” გამოაცხადა.

მაისში ტრანსგენდერმა გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის ვარშავის ერთ-ერთი ხიდიდან გადახტა. როცა აქტივისტთა ჯგუფმა მისი ხსოვნის პატივსაცემად ხიდიდან ლგბტ დროშა გადმოფინა, აგრესიულმა პირებმა ის დახიეს.

“საზოგადოებრივი მედიიდან და მმართველი პარტიიდან დიდი სიძულვილი მოდის, თუმცა ასევე გვაქვს მზარდი მოძრაობა ხალხისა, რომელიც აანალიზებს, რომ ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით. ეს მოძრაობა კომფორტისა და პრივილეგიისთვის არ არის. ესაა პრივილეგიისთვის, დარჩე ცოცხალი, როცა მოზარდი ხარ. ეს [სიცოცხლის] გადარჩენის საკითხია”, – უთხრა AP-ს ჰუბერ სობეცკიმ, ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის ლიდერმა. მანვე აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება განსაკუთრებით საშიშია ახალგაზრდებისათვის, რომლებიც თვითგამოხატვას ვერ ახერხებენ.

ვარშავის მერია აცხადებს, რომ წლევანდელმა პრაიდმა, მონაწილეთა რაოდენობით, რეკორდი მოხსნა.

ვარშავის პრაიდი. ფოტო: EPA/JAKUB KAMINSKI

“მე აქ ვარ ჩემი შვილისთვის, რომელიც გეია და მისი მეგობრებისთვის. მინდა, ვაჩვენო, რომ მე მათ გვერდით ვარ”, – განუცხადა Reuters-ს 83 წლის ტატიანა პავლოვამ, პრაიდის მონაწილემ.

ვარშავის პრაიდს მისმა მოწინააღმდეგეებმა მეორე დღეს, 9 ივნისს უპასუხეს “მარშით სიცოცხლისა და ოჯახისთვის”. ღონისძიება პოლონეთის 130 ქალაქში იგეგმება.

ვარშავაში მმართველი პარტიის გავლენა, პოლონეთის ზოგიერთ ქალაქთან და რეგიონთან შედარებით, დაბალია. გასულ წელს აქ მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა, რაფალ ტშასკოვსკიმ გაიმარჯვა, რომელმაც თავისი ინიციატივების გამო მმართველი გუნდის კრიტიკა დაიმსახურა. მათ შორისაა გეგმები სექსუალური განათლების შესახებ და თავშესაფარზე ზრუნვა იმ გეი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ოჯახებმა უარყვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი