ახალი ამბები

ინციდენტი საარჩევნო უბანთან – შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

9 ივნისი, 2019 • 823
ინციდენტი საარჩევნო უბანთან – შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, დღეს საარჩევნო უბანთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. მათი თქმით, ამჯერად მე-18 უბნის მიმდებარედ პირი დამკვირვებელს თავს დაესხა.

შტაბში განმარტავენ, რომ მათ მალევე გამოიძახეს პოლიცია.

ამ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ, მათი თქმით, საქმეზე უკვე მიმდინარეობს დაკითხვა, ხოლო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც კენჭისყრის ადგილას ან მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შსს-მ მთაწმინდის შუალედური არჩევნების დროს კონკრეტული პირის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. დღეს დილით, შალვა შავგულიძის შტაბმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს თუ როგორ ჩხუბობს და იმუქრება ახალგაზრდა კაცი.  “გაიწიე, თორემ გაგჭრი შუაზე,“ – ამბობს კაცი ვიდეოში.

შტაბში ამბობენ, რომ ეს ვიდეოზე აღბეჭდილი პირი “ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ნეტგაზეთს მათ მიაწოდეს ფოტოც, სადაც კაცი “ოცნების“ მაისურით სხვა მხარდამჭერებთან ერთად დგას.

შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო. მათივე ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს დაკითხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი