ახალი ამბები

შავგულიძის მიმართ Facebook-ზე დისკრედიტაციის კამპანიას ორგანიზებული სახე აქვს – ISFED

7 ივნისი, 2019 • 1250
შავგულიძის მიმართ Facebook-ზე დისკრედიტაციის კამპანიას ორგანიზებული სახე აქვს – ISFED

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) შეფასებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მიმართ Facebook-ზე დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობდა, თუმცა შალვა შავგულიძის შემთხვევაში მას ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ისევე როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვნებისას, 19 მაისის შუალედურ არჩევნებზეც  დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კამპანია Facebook-ზე ინტენსიური იყო და ძირითადად ზუგდიდისა და მთაწმინდის ოლქებზე იყო კონცენტრირებული.

“მთაწმინდის ოლქში პირველი ტურის დასრულების შემდეგ ფეისბუქზე განსაკუთრებით გააქტიურდა დისკრედიტაციის კამპანია ოპოზიციური კანდიდატის, შავგულიძის წინააღმდეგ. პოსტები რამდენიმე ანონიმურ გვერდზე ქვეყნდება ლადო კახაძის წინააღმდეგაც, თუმცა, მკვეთრად ნაკლები რაოდენობით”, -აცხადებენ ISFED-ში.

ორგანიზაციის ცნობით, მმართველი პარტიის კანდიდატის, ლადო კახაძის დისკრედიტაციას ის გვერდები ეწეოდნენ, რომლებიც აფილირებული არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ზოგადად, „ქართულ ოცნების” წინააღმდეგ აქტიურობენ. ამასთან, ISFED-ის ინფორმაციით, მადისკრედიტირებელი პოსტები კახაძის მიმართ ძირითადად სატირული და ღვარძლიანია, თუმცა  დასპონსორებული არ არის.

“შესაბამისად, ასეთი პოსტები რეაქციების, გაზიარების თუ კომენტარების დიდი რაოდენობით, როგორც წესი, არ ხასიათდება,” – ვკითხულობთ ანგარიშში, რომელიც დღეს, 7 ივნისს გამოქვეყნდა.

რაც შეეხება  „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის კანდიდატ შალვა შავგულიძეს, ორგანიზაციის ცნობით, მის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას ორგანიზებული ხასიათი აქვს.

“მადისკრედიტირებელი გვერდები კოორდინირებულად, თანმხვედრი გზავნილებით აქვეყნებენ სპეციალურად კანდიდატის საწინააღმდეგოდ დამონტაჟებულ ფოტო-ვიდეომასალას, რომელშიც ის წარმოჩენილია როგორც კანდიდატი, რომელიც თანამშრომლობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების მონაწილე პირებთან და, შესაბამისად, ხდება მისი ლანძღვა და მორალური გაკიცხვა. ხშირად, შავგულიძის კომენტარები კონტექსტიდან ამოგლეჯილად და დამახინჯებულად არის გამოტანილი სხვადასხვა ფოტოზე, ხოლო მისი ინტერვიუებიდან ამონარიდები- ვიდეოპოსტებში”, – აცხადებენ ISFED-ში.

მათივე ინფორმაციით, შავგულიძის წინააღმდეგ მოქმედი მადისკრედიტირებელი გვერდების მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე ვიდეო POSTV-ის მომზადებულია. პოსტების ნაწილი კი, ტელეკომპანია იმედი TV-ის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული სიუჟეტებია, (მაგალითად, ინტერვიუ და რეპორტაჟი სულხან მოლაშვილის მამასთან) რომელსაც კანდიდატის საწინააღმდეგო სალანძღავი ტექსტები ახლავს თან.

„ფეისბუქზე ოპოზიციონერი კანდიდატის, შალვა შავგულიძის მიმართ კამპანიას ცალსახად ორგანიზებული და კოორდინირებული სახე აქვს, რაც გამოიხატება ცრუ მედიაგვერდების და მადისკრედიტირებელი გვერდების მიერ ერთგვაროვანი პოსტების და თანმხვედრი, კანდიდატის დამაზიანებელი მესიჯების გავრცელებაში. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ შავგულიძის წინააღმდეგ მიმართულ „ფეისბუქ“ კამპანიას POSTV-ის და „იმედის“ რიგი სიუჟეტების ხაზი გასდევს და ძირითადი კონტექსტი მათ მიერ შავგულიძის საწინააღმდეგოდ მომზადებული მასალებიდან იქმნება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ISFED-ში მიაჩნიათ, რომ კანდიდატის მადისკრედიტირებელი კამპანიის მთავარი ინსტრუმენტი არის მადისკრედიტირებელი პოსტების დასპონსორება, ხოლო ამ მიზნით გაწეული არადეკლარირებული ხარჯი, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია აცხადებს, რომ რადგან Facebook რეკლამაში გადახდილი ამ თანხების წარმომავლობის ფინანსური მონიტორინგი აუდიტის სამსახურის მიერ ვერ ხორციელდება, ეს საარჩევნო გარემოს აზიანებს.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კვირას, 9 ივნისს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი