ახალი ამბებისამართალი

საკონსტიტუციო: სასამართლოს აქტები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა დაიშტრიხოს

7 ივნისი, 2019 • 3623
საკონსტიტუციო: სასამართლოს აქტები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა დაიშტრიხოს

დღეს, 7 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კონსტიტუციური სარჩელები და დაადგინა, რომ სასამართლო აქტები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა დაიშტრიხოს.

საკონსტიტუციომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო 2020 წლის პირველი მაისიდან და პარლამენტს საკითხის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოწესრიგება დაავალა.

  • მოსარჩლე მხარე სადავოდ ხდიდა ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტებისა და მათში მოცემული პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მომწესრიგებელ საკანონმდებლო ნორმებს. მოსარჩლის პოზიციით, სადავო ნორმები გამორიცხავდა სასამართლოს აქტებში მოცემული პერსონალური მონაცემების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას და მათი გასაჯაროების შესაძლებლობას უშვებდა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გაცემა კი სრულად იკრძალებოდა მონაცემთა მფლობელის თანხმობის გარეშე. მოსარჩლე მხარე მიუთითებდა, რომ ამგვარი რეგულაცია ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას.
  • მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ კანონმდებლობა ადგენდა სამართლიან ბალანსს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვის ლეგიტიმურ ინტერესებს შორის. კერძოდ, მისი მტკიცებით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის პირობებში, დაშვებული იყო პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესაძლებლობა, ხოლო განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, ამ ინფორმაციის განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხასიათიდან გამომდინარე, არ უნდა გასაჯაროებულიყო მონაცემის სუბიექტის თანხმობის გარეშე.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს აქტები განეკუთვნება საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ტიპის ინფორმაციას, რომელზე ხელმისაწვდომობის მიმართაც თავისთავად არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, მისდამი საზოგადოების ნდობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საგამონაკლისო შემთხვევებში, გადაწყვტილებაში ასახული ინფორმაციის სენსიტიურობის გათვალისწინებით, პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად, შესაძლოა, საჭირო გახდეს პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა, თუმცა ამას არ უნდა ჰქონდეს საყოველთაო ხასიათი. საკონსტიტუციოს განმარტებით, სასამართლოს აქტის ღიაობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს, რა გავლენას ახდენს პერსონალური მონაცემების გამჟღავნება პირადი ცხოვრების უფლებაზე და გადაწონის თუ არა ის სასამართლო აქტის ხელმისაწვდომობაზე საზოგადოების მომეტებულ ინტერესს.

საკონსტიტუციოს განცხადებით, სადავო ნორმები აღნიშნული წესრიგის საპირისპირო ბალანსს ადგენდა და ბლანკეტურად, კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობის გარეშე ზღუდავდა სასამართლო აქტის სრულ ტექსტზე ხელმისაწვდომობას.

  • ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მოწესრიგება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ინფორმაციის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი) და არაკონსტიტუციურად ცნო ის.
  • საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმების დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში აღარ იარსებებდა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სასამართლოს აქტების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
  • შედეგად, როგორც საკონსტიტუციო განმარტავს, შესაძლებელია დარღვეულიყო იმ პირთა პირადი ცხოვრების უფლება, რომელთა პერსონალური მონაცემებიც მოცემულია ამა თუ იმ სასამართლო აქტში.
დავის საგანი - დააკლიკეთ

1) №693 კონსტიტუციურ სარჩელზე – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.

2) №857 კონსტიტუციურ სარჩელზე – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, 44-ე მუხლის პირველი ნაწილის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს პერსონალური მონაცემების დაცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის ინტერესთან შედარებით და ის არ ითვალისწინებს შესაძლო საჯარო ინტერესის არსებობას კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

დახურულია ღია სასამართლოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, რომ (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) ნებისმიერ პირს აქვს უფლება, თავისუფლად შევიდეს და დაესწროს სასამართლო პროცესს.

სასამართლოები ამ დრომდე არ გასცემდნენ ყოფილ მაღალ თანამდებობის პირთა შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ხოლო შემდეგ ფართოდ განმარტავდნენ დეპერსონალიზაციის ვალდებულებას, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა სასამართლო გადაწყვეტილებათა გაცემას.

რას უკავშირდებოდა კანონმდებლობის ეს ხარვეზები? რატომ არ ასაჯაროებდა სასამართლო ღია პროცესებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, როდესაც მედია თითქმის პირდაპირ ეთერში აშუქებდა სხდომებს? როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და როგორ უნდა შეიცვალოს საქართველოში?  – ამ საკითხებთან დაკავშირებით გირჩევთ ნეტგაზეთის 2017 წლის ინტერვიუს IDFI-ის პროგრამების დირექტორთან, ლევან ავალიშვილთან:

სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმიუწვდომლობა – ინტერვიუ ლევან ავალიშვილთან

მასალების გადაბეჭდვის წესი