ახალი ამბები

ეს არის ერთი კონსულტანტის ნააზრევი – თურნავა საპარტნიორო ფონდის საქმიანობის ანგარიშზე

7 ივნისი, 2019 • 1129
ეს არის ერთი კონსულტანტის ნააზრევი – თურნავა საპარტნიორო ფონდის საქმიანობის ანგარიშზე

ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრი ნათია თურნავა ირწმუნება, რომ გიორგი ქობულიას პერიოდში საპარტნიორო ფონდის საქმიანობაზე ანგარიში არ მომზადებულა და რის შესახებაც ქობულია საუბრობს, მხოლოდ კონსულტანტის ნააზრევია.

ანგარიშზე მინისტრს კითხვა დაუსვა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა და მოითხოვა, პარლამენტის წევრებს ეს ანგარიში გაუგზავნონ.

“როდის გააცნობთ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ამ ანგარიშის შესახებ ინფორმაციას?” – ჰკითხა გოგიჩაიშვილმა თურნავას.

ეკონომიკის მინისტრმა საპასუხოდ თქვა, რომ დასკვნა არ არსებობს და ქობულია რეალურად საუბრობდა ერთი კონსულტანტის ნააზრევზე, თუმცა დეპუტატებს დაჰპირდა, რომ ამ დოკუმენტს “კანონით განსაზღვრულ ვადებში” გაუგზავნის.

“როცა ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი გახდა, დავინტერესდი, რა დოკუმენტები მომზადდა ამ მიმართულებით. [საპარტნიორო ფონდის მუშაობის შეფასებაზე] არსებობს მინისტრის მიერ გაკეთებული ანალიზი და დასკვნა, არამედ ერთ-ერთი კონსულტანტის მიერ დაწერილი ანალიზი, რომელსაც ჩემი აზრით, ბევრი მეთოდოლოგიური შეცდომა აქვს დაშვებული. მაგალითად, აქტივების შეფასების მეთოდოლოგიაში არის შეცდომები. ზოგიერთი აქტივი, რომლის ღირებულებაც დიდმა ოთხეულმა შეაფასა, მისი ღირებულება 50%-ით არის შემცირებული. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი კონსულტანტის ნედლი ნააზრევი, თუმცა აუცილებლად მოვითხოვ, რომ მან ეს ნააზრევი დასკვნად აქციოს, რადგან ამაში თანხაა გადახდილი. მივაყვანინებ ბოლოდე და აუცილებლად მოგართმევთ [ამ დოკუმენტს]”, – განაცხადა თურნავამ.

28 მაისს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ფონდის საქმიანობაზე და მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზე დეტალური ანგარიში მოამზადეს, რომელიც საპარტნიორო ფონდსაც გაეგზავნა. ჩვენ ამ დოკუმენტის გამოგზავნა ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვეთ, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ  ზოგადად მსგავსი “სამუშაო დოკუმენტები” საჯარო არ არის და მართლაც არსებობს თუ არა ასეთი ანგარიში, ამაზეც ვერ გაგვცემენ პასუხს.

პროექტები, რაც საპარტნიორო ფონდს პორტფელში აქვს, ძირითადად არ ვარგა – ქობულია

მასალების გადაბეჭდვის წესი