ახალი ამბები

“ზარალი 2 მილიონს აღწევს“ – რა ხდება ლაურა ღაჭავას კუთვნილ ბაზრობაზე ხანძრის შემდეგ [ფოტო]

7 ივნისი, 2019 • 2170
“ზარალი 2 მილიონს აღწევს“ – რა ხდება ლაურა ღაჭავას კუთვნილ ბაზრობაზე ხანძრის შემდეგ [ფოტო]

“ჩაინა ლილო სითიში“, სადაც გუშინ ღამით ხანძარი გაჩნდა და 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა, ამბობენ, რომ ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი 2 მლნ ლარს აღწევს.

ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მიმდინარეობს მოკვლევა. თუმცა ტერიტორიის იმ ნაწილზე, საიდანაც ხანძარი დაიწყო, ჟურნალისტებს არ უშვებენ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული საქონელი, დამწვარი ინფრასტურქტურა და გამყიდვლების მიერ ხანძრისგან გადარჩენილი ფეხსაცმელია მიმობნეული.

“ჩაინა ლილო სითი“ ხანძრის შემდეგ. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“ჩაინა ლილო სითი“ არენდატორებზე ლაურა ღაჭავას 15-წლიანი კონტრაქტით აქვს გაცემული. ცეცხლის გაჩენის შემდეგ ადგილზე მისვლისას მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ დივერსიის ეჭვი აქვს. ღაჭავამ განმარტა, რომ ცეცხლი იმ შენობიდან გაჩნდა, რომელიც იყო დაკეტილი და მას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

“ჩაინა ლილო სითი“ ხანძრის შემდეგ. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ლაურა ღაჭავამ დასძინა, რომ მას ჰყავს მტრები, რომელსაც შეეძლოთ შენობაში შიგნით რაიმე შეეგდოთ.  თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ნებისმიერი სახის ვერსიაზე, მათ შორის დივერსიაზე, გამოძიების დასრულებამდე ვერ ისაუბრებს.

“სამწუხაროდ, წუხელ ცეცხლი მოგვეკიდა, დაიწყვა 1000 კვ. მეტრი და ზარალმა, ძირითადად, საქონელმა და უძრავმა ქონებამ,  უკვე 2 მლნ ლარს მიაღწია. რაც შეეხება დივერსიას, მე ჯერჯერობით ამ ვერსიას გამოვირცხავ, სანამ გამოძიება დასრულებული არ იქნება, იმიტომ, რომ საფუძველი არ გვაქვს, ვინაიდან არ ვიცით, რა ხდება. წინასწარ კი არ მინდა მე დავასწრო გამოძიებას.

რაც შეეხება სამართალდამცველებს, წუხელ პოლიციამაც და სახანძრომაც მაქსიმალურად სწრაფად იმოქმედეს და მე მათ მადლობას ვუხდი… თუმცა აქვე ვიტყვი, რომ როგორც მე ინფორმაცია მომაწოდეს, ცეცხლი სადაც გაჩნდა, იქ ყველაფერი დამწვარი არ არის და მაშინ საიდან წარმოიქმნა ამხელა ხანძარი, გასაკვირია“,- უთხრა ღაჭავამ ნეტგაზეთს.

ლაურა ღაჭავამ ტვ “პირველზე” ასევე თქვა, რომ ბაზრობა და პროდუქცია ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაშია დაზღვეული და, შესაბამისად, ზარალს ეს სადაზღვევოც შეისწავლის.

“ჩაინა ლილო სითი“ ხანძრის შემდეგ. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

გარდა ამისა, ის განმარტავს, რომ ადგილზე შემოსულია ფინანსური პოლიცია, ქონება დაყადაღებულია, ხოლო ანგარიშებს ინკასო აქვთ დადებული. ღაჭავა ამბობს, რომ ჯერჯერობით ამ მოვლენებთან დაკავშირებით ტოლობის ნიშანს არ სვამს, თუმცა აცხადებს, რომ სამთავრობო უწყებებს, მათ შორის, შემოსავლების სამსახურს, თხოვნით უკვე მიმართეს. ღაჭავას თქმით, მათ სთხოვეს უწყებას, ყადაღა დაეტოვებინათ, ინკასო კი მოეხსნათ, რათა თანამშრომლებს ხელფასი ჩაერიცხოთ.

“ჩაინა ლილო სითი“ ხანძრის შემდეგ. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ერთ-ერთი დაზარალებული, რომელსაც ხანძრის შედეგად ერთი მაღაზია დაეწვა, ფარიდ უსაევია. ნეტგაზეთს ის უყვება, რომ პროდუქციის ნაწილის გადარჩენა შეძლეს, დიდი ნაწილი კი, მათ შორის, ერთი მთლიანი მაღაზია, საერთოდ განადგურდა.

“ჩაინა ლილო სითი“ ხანძრის შემდეგ. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“სიტუაცია ასეთი იყო, დამირეკეს და გვითხრეს, რომ ხანძარია. ცხადია, ჩვენ უმალვე მოვედით. ადგილზე მეხანძრეთა 17 ეკიპაჟი დაგვხდა, რომლებმაც მართლა ძალიან კარგად იმუშავეს. ჩვენ მოვასწარით, რომ საქონლის ნახევარი გამოგვეტანა. ძალიან ბევრნი ვიყავით და ერთმანეთს ვეხმარებოდით.

სამწუხაროდ, ერთი მაღაზია საერთოდ გაგვინადგურდა. რაც შეეხება ზარალს, მისი დათვლა ჯერჯერობით ფიზიკურად შეუძლებელია”, -გვიყვება ფარიდ უსაევი.

“ჩაინა ლილო სითი“ ხანძრის შემდეგ. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

გამოძიება “ჩაინა ლილო სითის” ხანძარზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ჩაინა ლილო სითი“ ხანძრის შემდეგ. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი