ახალი ამბები

მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ დააზიანებს ანაკლიის პორტის იდეას – თურნავა

7 ივნისი, 2019 • 1444
მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ დააზიანებს ანაკლიის პორტის იდეას – თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს, 7 ივნისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ შესაძლოა, მთავრობამ განიხილოს ფოთის პორტთან დაკავშირებული პროექტები, მაგრამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინტერესების დაზიანების ხარჯზე.

თურნავას აღნიშნული განცხადება მოჰყვა დეპუტატ გია ჟორჟოლიანის მოსაზრებას. მან თქვა, რომ ხელისუფლებამ “ხელაღებით არ უნდა თქვას უარი” ფოთის პორტში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაზე. ჟორჟოლიანის განცხადებით, “ფოთს უნდა მიეცეს განვითარების” შანსი.

“იმის თქმა, რომ ქვეყნის განვითარება მხოლოდ ანაკლიის პორტთან არის დაკავშირებული, უპასუხისმგებლობაა”, – თქვა ჟორჟოლიანმა.

დეპუტატს მალევე უპასუხა მინისტრმა თურნავამ და ხაზი გაუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას.

“ღრმაწყლოვანი პორტი არ გახლავთ რომელიმე მუნიციპალიტეტის კუთვნილება. ანაკლიის პორტი არც მხოლოდ საქართველოს კუთვნილება არ გახლავთ, ეს არის რეგიონის მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფნის ნაწილი. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვიხილავთ პარალელურ ინიციატივებს, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს ინიციატივები ერთიანად, სინერგიაში კარგად ჯდება და თითოეული მათგანი ემსახურება ახალი ტვირთის მოზიდვას და არა – ერთი ქართული პორტიდან მეორე ქართულ პორტში ერთი და იგივე ტვირთის გადატანას, ეს არ არის ჩვენი ამოცანა”, – თქვა მინისტრმა თურნავამ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ “ეიპიემ ტერმინალი” [ფოთის პორტის მმართველი კომპანია] არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ის პირადად შეხვდება კომპანიის წარმომადგენლებს.

“ეი პიემ ტერმინალი თუ წარმოგვიდგენს თავის გათვლებს და ბიზნესგეგმას, განვიხილავთ, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში, არ იქნება დამაზიანებელი ანაკლიის პორტის იდეისთვის. სხვაგავარად, ეს არ არის ის ინციციატივა, რომელიც ახალ ტვირთებს შემოიტანს, ეს იქნება ორ პროექტს შორის დამაზიანებელი კონკურენცია. მე ვვარაუდობ, რომ ეიპიემ ტერმინალს, ძალიან სერიოზულ ინვესტორს, ეს ძალიან კარგად ესმის. თუკი იქნება წარმოდგენილი ბიზნესგეგმა, განვიხილავთ, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ დავაზიანებთ ანაკლიის ინტერესებს”, – თქვა თურნავამ პარლამენტში.

რა მოხდა

“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის 2 მაისს მიღების შესახებ 29 მაისს განაცხადა. აღნიშნულს დაუყოვნებლივ მოჰყვა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მწვავე განცხადება. სწორედ ეს კონსორციუმი აშენებს ფოთის სიახლოვეს, ანაკლიაში, საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს. ანაკლიის პორტის მშენებელმა კონსორციუმმა “შოკისმომგვრელად” შეაფასა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გამოცემული ბრძანება და დასძინა, რომ თუ აღნიშნულს არ მოჰყვებოდა “რადიკალური რეაგირება”,  საფრთხე შეექმნებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობას.

30 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიისთვის მიცემული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გააუქმა. ნებართვის მთავრობის უკითხავად გაცემაში კი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე დაადანაშაულა და თანამდებობიდანაც გაათავისუფლა. მთავრობის წევრები ამ დრომდე ირწმუნებიან, რომ მათ არაფერი იცოდნენ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემაზე. თავის მხრივ, “ეიპიემ ტერმინალმა” თქვა, რომ აანალიზებენ ეკომონომიკის სამინისტროს ბრძანების გაუქმების გადაწყვეტილებას და განიხილავენ შესაფერის სამართლებრივ ღონისძიებებს, რომელთაც შესაძლოა მიმართონ.

“თუ ამ ფაქტს მთავრობის რეაქცია არ მოჰყვება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება” – კონსორციუმის საგანგებო განცხადება

მასალების გადაბეჭდვის წესი