ახალი ამბები

შრომის სამართლიანი ანაზღაურება – ხელმეორედ გაფიცული რკინიგზელების მოთხოვნა

27 ნოემბერი, 2014 • • 2391
შრომის სამართლიანი ანაზღაურება – ხელმეორედ გაფიცული რკინიგზელების მოთხოვნა

საქართველოს რკინიგზის თანამშრომელ ზვიად მულაძისთვის 26 ნოემბერი, სხვა სამუშაო დღეებისგან განსხვავებით, გაფიცვით დაიწყო. თბილისის მახარისხებელ სალოკომოტივო დეპოში, სადაც მან თანამშრომლებთან ერთად 10 საათიდან გაფიცვა გამოაცხადა, ელმავლის მემანქანედ მუშაობს.

 

ზვიად მულაძე ამბობს, რომ გაფიცვაში მონაწილეობა საქართველოს რკინიგზაში შექმნილმა მისთვის არადამაკმაყოფილებელმა სამუშაო პირობებმა გადააწყვეტინა.

 

ზვიად მულაძის თქმით, თითო ცვლა, რომელშიც ის მუშაობს, 10 ან 12-საათიანია. მას თვეში 15-18 რეისის გაკეთება უწევს. რაც, ჯამში, 190 საათამდე აღწევს. მულაძე ამბობს, რომ იგი ზეგანაკვეთურ სამუშაოსაც ასრულებს, თუმცა რკინიგზის ადმინისტრაცია მას დამატებით ანაზღაურებას არ უხდის.

 

ზვიად მულაძის მოვალეობა გარდაბნიდან ხაშურამდე და პირიქით, სატვირთო მატარებლების გადაყვანაა. მას ასევე სადახლოს მიმართულებით უწევს მოძრაობაც. მემანქანეს უმეტესად აზერბაიჯანიდან მომავალი ნავთობისა და მშრალი ტვრთების გადატანა უწევს იმის გამო, რომ არ იცის, როდის შემოვა აზერბაიჯანიდან ტვირთი, შესაძლოა ღამის საათებშიც მოუწიოს მუშაობა, ამბობს იგი.  

 

ზვიად მულაძის თქმით, საჭიროა ლოკომოტივების შეცვლა და განახლება. ამბობს, რომ ზაფხულის პერიოდში, როდესაც გარეთ 40 გრადუსია, მემანქანის კაბინაში სიცხე 55 გრადუსამდე ადის, რადგან ლოკომოტივებში კონდიცირების სისტემა არ მუშაობს.

 

“რესურსები თითქოს ამოწურეს. ერთ ელმავალს დაშლიან, მეორეზე გადააწყობენ. მერე ეს გაფუჭდება, აქედან იქით გადააწყობენ”, – ამბობს მულაძე.

 

კახა კახაძე თბილისის მახარისხებელ დეპოში სადგურის მორიგე-ოპერატორად მუშაობს. იგი მატარებლების უსაფრთხო მოძრაობაზე აგებს პასუხს, მის მოვალეობებში ლიანდაგების გადართვა, შუქნიშნების ანთება, დოკუმენტაციის დახარიხება შედის.  

 

კახა კახაძე გვიყვება, რომ მისი სამუშაო გრაფიკიც 12-საათიანია. იგი დილის რვა საათიდან იწყებს მუშაობას, მეორე დღეს კი საღამოს რვიდან დილის რვა საათამდე მუშაობს და ორი დღე ისვენებს, რის შემდეგაც მას იგივე სამუშაო საათები ელის. კახაძის მტკიცებით, მასაც უწევს კვირაში 48 საათზე მეტი მუშაობა ანაზღაურების გარეშე.

 

კახა კახაძეც და ზვიად მულაძეც “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების” წევრები არიან, რომელიც 2 წლის წინ შეიქმნა. პროფკავშირების თქმით, საქართველოში არსებული ყველა ძირითადი გამანაწილებელი დეპოების- თბილისის, ხაშურის, ზესტაფონის, სამტრედიისა და ბათუმის- მუშები გაფიცული არიან, რაც რკინიგზელების 70%-ია.

 

გაფიცულ პროფკავშირებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შემცირება, ახალი სახელფასო ბადისა და ახალი საპრემიო სისტემის შემქნა.

 

ზეგანაკვეთური სამუშაო

 

კახა კახაძე და ზვიად მულაძე მოითხოვენ, რომ მათი ზეგანაკვეთური სამუშაო არა კვირაში 48-საათიანი ნორმირებული მუშაობის, არამედ 40-საათიანი მუშაობის შემდეგ დაიწყოს. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებული ვალდებულია, რომ კვირაში 48 საათი ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურების გარეშე შეასრულოს.

 

მათ “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია დასაქმებულებს დისკრიმინაციულად ექცევა, რადგან დეპოს მუშებისთვის, რომლებიც ცვლაში მუშაობენ, ზეგანაკვეთური სამუშაო 48 საათიდან იწყება, ხოლო ვინც ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით მუშაობს, მათთვის ნორმირებული სამუშაო საათები კვირაში 40-ს შეადგენს.

 

“ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ესაა დისკრიმინაცია. ერთი კატეგორია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, მისთვის 40 საათია ნორმა. ჩვენ უარს არ ვამბობთ ზეგანაკვეთურ მუშაობაზე. რახან ვმუშაობ სხვაზე მეტს, ვითხოვით ანაზღაურებას, როგორც ზეგანაკვეთურს”, – ამბობს კახა კახაძე.  

 

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტი ილია ლეჟავა ამბობს, რომ პროფკავშირმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ახალი პროფკავშირი მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის კოდექსში ნათლად არაა განმარტებული, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ზეგანაკვეთური საათები და როგორ უნდა მიეცეს დასაქმებულს ზეგანაკვეთური საშუშაოს ანაზღაურება.

 

გაფიცული რკინიგზელები ამბობენ, რომ საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში უკვე დასრულდა და ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის განჩნებას ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ნორმას არაკონსტიტუციურად სცნობს, მაშინ ანაზღაურებადი სამუშაო საათების რაოდენობა შეიცვლება, და დასაქმებულები და დამსაქმებლები მოლაპარაკებას დაიწყებენ.

ახალი სახელფასო სისტემა

ილია ჟვანია ამბობს, რომ რკინიგზაში დასაქმებულებმა პირველი, 12 საათიანი გაფიცვა 2013 წლის შემოდგომაზე მოაწყეს. მისი თქმით, მაშინ ადმინისტრაციისგან დაპირება მიიღეს, რომ სახელფასო ბადე და საპრემიო სისტემა შეიცვლებოდა.

გაფიცულები ამბობენ, რომ მათთვის სასურველი სახელფასო ბადის არშექმნის შემდეგ გაფიცვა 2014 წლის 21 ოქტომბერს ისევ განაახლეს. გაფიცულებსა და ადმინისტრაციას შორის მედიატორად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ქეთევან ირემაშვილი დანიშნა. სამინისტროში ამბობენ, რომ მედიატორი საკითხის შესწავლას განაგრძობს და მისი გადაწყვეტილების გამოტანამდე სამინისტროში კომენეტარისგან თავს იკავებენ.

 

გაფიცულების კიდევ ერთი მოთხოვნა მეცამეტე ხელფასის დანიშვნაა, რომელიც მათი ხელფასის 100% უნდა იყოს, რადგან წინა წლისგან განსხვავებით წელს რკინიგზა დიდი მოგებაზე გავიდა.

 

რკინიგზის მონაცემებით, 2014 წლის 9 თვეში მისი შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7%-ით გაიზარდა, რაც 27,8 მილიონ ლარს გაუტოლდა. გაფიცულები ამბობენ, რომ მოგება მათ შემოსავალზეც უნდა აისახოს.

რკინიგზის ადმინისტრაციის პოზიცია

 

საქართველოს რკინიგზის ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ტიტვინიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ რკინიგზის ადმინისტრაცია გაფიცულების 9 მოთხოვნიდან 7-ის შესრულებას დათანხმდა, ამიტომ მიიჩნევს, რომ  თანამშრომლების გაფიცვა არა კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობის მიღწევაა, არამედ თვითმიზანი.

 

ტიტვინიძის თქმით, 2015 წლიდან ადმინისტრაცია ხელფასების მატებას აპირებს. ადმინისტრაცია გადადის პრემირების ახალ მოდელზე, რაც გულისხმობს იმას, რომ კვარტალში ერთხელ დასაქმებულები მიიღებენ სამ თვეში აღებული ხელფასის 30%-ს.

 

“რაც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე პროფკავშირების მიერ მოთხოვნილი თანხა, მე-13 ხელფასი”, – ამბობს ტიტვინიძე.

 

ტიტვინიძის თქმით, რკინიგზის მუშაობას თანამშრომლების გაფიცვა ხელს არ უშლის, რადგან გაფიცულები რკინიგზის თანანშრომლების მცირე რაოდენობას შეადგენენ. “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების” წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაფიცვის შემდეგ არაპროფესიონალები მართავენ ელმავლებს, რაც რისკს შეიცავს.

ირაკლი ტიტვინიძე ამბობს, რომ რკინიგზა მოქმედებს არსებული კანონმდებლობის ფარგლებში და უსაფრთხოების წესების დარღვევას ადგილი არ აქვს.

 

კითხვაზე, უშვებს თუ არა იმას, რომ რკინიგზის სხვა მუშებიც შეუერთდებიან გაფიცვას, ტიტვინიძის ამბობს, რომ არა:

 

“ჩვენ გვჯერა, რომ რკინიგზის თანამშრომლებს ესმით ის პოზიტიური ქმედებები, რაც ბოლო წლბში განხორციელდება და გაგებით ეკიდებიან სიტუაციას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი