ახალი ამბები

ლიბანური პოპ-ჯგუფი ლგბტ უფლებებისა და თანასწორობისთვის არაბულ სამყაროში

8 ივნისი, 2019 • 2109
ლიბანური პოპ-ჯგუფი ლგბტ უფლებებისა და თანასწორობისთვის არაბულ სამყაროში

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტისაგან შემდგარმა ჯგუფმა, სახელწოდებით “მაშრუყ ლეილა”, პირველი ალბომი გამოუშვა. შემდგომ ჯგუფი გაფართოვდა, სახელი გაითქვა როგორც არაბულ სამყაროში, ისე მის მიღმა და  კონსერვატიულ საზოგადოებებში რიგი ტაბუდადებული საკითხების, მათ შორის, ლგბტ უფლებების წინ წამოწევის ფონზე, არაერთგზის გადააწყდა პრობლემებს.

“მაშრუყ ლეილა” 2008 წელს, საცდელი პროექტის სახით ჩამოყალიბდა. ბენდის წევრებს მაშინ არ ჰქონიათ მოლოდინები, რომ მათი საქმიანობა დიდხანს გაგრძელდებოდა და გაფართოვდებოდა. როდესაც უნივერსიტეტში კონცერტის მოწყობა შესთავაზეს, სახელიც სახელდახელოდ, მუშაობის სწრაფი ტემპიდან და მისი სპონტანური ხასიათიდან გამომდინარე დაირქვეს, რომელიც ქართულად “ღამის პროექტს” ნიშნავს.

ამჟამად ხუთი წევრისაგან შემდგარმა ბენდმა ერთგული აუდიტორია მუშაობის პირველ წლებშივე გაიჩინა. ტრადიციული არაბული ფოლკლორისაგან განსხვავებული მუსიკითა და თამამი სოციალურ-პოლიტიკური გზავნილებით ქალების უფლებებზე, ლგბტ ადამიანების ყოფაზე, თანამედროვე არაბულ იდენტობაზე, იარაღის არასათანადო კონტროლსა თუ დასავლეთის მიერ ახლო აღმოსავლეთის შაბლონურ აღქმაზე, ბენდმა მალევე მიიპყრო, ძირითადად, არაბული სამყაროს ახალგაზრდობის ყურადღება.

როგორც The Guardian წერს, ჯგუფის არსებობის პირველ წლებში ყველაფერი ექსპერიმენტსა და იმპროვიზაციას ემყარებოდა: სტუდიაში მუსიკის ჩაწერა რადიო-კონკურსში გამარჯვების შემდეგ შეძლეს, კონცერტების შესახებ საზოგადოებას გრაფიტებით ატყობინებდნენ, ხოლო მაშინ, როცა ლიბანის ქალაქ ბიბლოსში მუსიკალურ ფესტივალზე მიიწვიეს, ექვსი სიმღერის სწრაფად დაწერა მოუხდათ, რათა მათი ნომერი შემდგარიყო.

შემდგომ იყო სიმღერები, რომლებითაც ჯგუფმა ნიშა დაიმკვიდრა როგორც არაბულ სამყაროში, ისე საერთაშორისო მსმენელს შორის: მღეროდნენ გეი რომანზე, რომელიც იძულებითმა ქორწინებამ დაასრულა, თავისუფალი აზრის გაჩუმების მცდელობებსა თუ არაბულ ენისა და გენდერის სპეციფიკურ ურთიერთმიმართებაზე.

ტაბუსაგან გადახვევამ ჯგუფს არაერთი პრობლემა შეუქმნა: ბენდი ორჯერ დაბლოკეს იორდანიაში, კაიროში გამართული კონცერტის შემდეგ კი, როცა ათობით ათასიან აუდიტორიაში ლგბტ დროშები აფრიალდა, “მაშრუყ ლეილა” ეგვიპტეშიც აკრძალეს. მეტიც, აღნიშნულს ეგვიპტის ხელისუფლების მხრიდან ლგბტ ადამიანების მასშტაბური დევნა მოჰყვა, რა დროსაც “ჰომოსექსუალობაში ეჭვმიტანილი” 75 ადამიანი დააკავეს.

“ისინი აცხადებდნენ, რომ ბენდი ამორალურია, რომ ჩვენ რევოლუციურ გრძნობებს ვაღვივებთ ხალხში”, – უთხრა ჯგუფის წევრმა და კომპოზიტორმა ფირას აბუ ფახერმა The Guardian-ს.

კონცერტის შემდგომ მიმდინარე რეპრესიებს ჯგუფი უკვე საზვარგარეთიდან ადევნებდა თვალს. გარდა უძლურების განცდისა, ვითარებას სიძულვილის ტალღაც ამძაფრებდა, რომელსაც ბენდი რადიკალური ჯგუფებისაგან იღებდა. “მაშრუყ ლეილა”-ს პრობლემები პირველად არ შექმნია, თუმცა ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მიზანში მისი გულშემატკივრები ამოიღეს. ჯგუფის სოლისტი, ჰამედ სინო, სწორედ კაიროს ინციდენტის თანმდევი ტრავმების კონტექსტში მოიხსენიებს ახალ სინგლს “Cavalry”, რომელმაც დღის სინათლე რამდენიმე თვის წინ იხილა და ჯგუფის ახალი ალბომის ნაწილია, სახელწოდებით “ბეირუთის სკოლა”.

"მაშრუყ ლეილა"-ს კონცერტი კაიროში, რის შემდეგად ათობით ლგბტ ადამიანი დააკავეს. ფოტო: JAMAL SAIDI / REUTERS

“მაშრუყ ლეილა”-ს კონცერტი კაიროში, რის შემდეგად ათობით ლგბტ ადამიანი დააკავეს. ფოტო: JAMAL SAIDI / REUTERS

არაბულ მუსიკას არ აქვს ტრადიცია “თინეიჯერების ამბოხებისა და ბრაზის გამოხატვისა”, – აცხადებს ჯგუფის სოლისტი Reuters-თან საუბრისას. სინო, რომელიც თავად ღიად გეია, ერთ-ერთი გავლენიანი მუსიკოსია არაბულ სამყაროში მათ შორის, ვინც ლგბტ ადამიანების უფლებებზე, მუსიკასა თუ მის მიღმა, ხმამაღლა საუბრობს.

“ვართ თუ არა ჩვენ ახლო აღმოსავლეთის ამბოხებული თინეიჯერები? არა, ვფიქრობ, ჩვენ უბრალოდ ბენდი ვართ, რომელიც ჩვენი ცხოვრებისა და იმ გარემოებების შესახებ წერს [მღერის], რომლებიც გვაწუხებს”, – აცხადებს ის.

პოპულარობის ზრდასთან ერთად, ჯგუფი ახალი სიმღერების ტექსტებს ინგლისურ ენაზეც წერს, თუმცა არც არაბულის დავიწყებას აპირებს: მიუხედავად იმისა, რომ ბენდის აუდიტორიის არცთუ მცირე ნაწილი უცხოენოვანი მსმენელია, “მაშრუყ ლეილას”-ს საქმიანობაში ენობრივი ბარიერის პრობლემა არ ჩანს. რეგიონს მიღმა – ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქალაქებში ჩატარებული მასშტაბური კონცერტების შემდეგ, მსმენელები ხშირად აღნიშნავენ, რომ ცხადად გრძნობენ თითოეული სიმღერის თანმდევ განწყობას, მიუხედავად იმისა, რომ არაბული ენა არ ესმით.

მზარდი პოპულარობა და გზავნილების ფართოდ გავრცელება ბენდს ახარებს, თუმცა სოლისტი ჰამედ სინო პრობლემურად მიიჩნევს დასავლური მედიის ნაწილის აღქმას ჯგუფის საქმიანობის მიმართ, როცა მისი პროგრესული პოლიტიკა უჩვეულო მოვლენად აღიქმება ახლო აღმოსავლეთისთვის. მისი განცხადებით, არ შეიძლება პროცესიდან ლიბერალურად მოაზროვნე არაბების გამორიცხვა მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ქვეყნების ლიდერები თავისუფალ აზრს დევნიან.

“მაშრუყ ლეილა” კლასიკურ არაბულზე არ მღერის. მათ შემოქმედებაზე ყოველდღიური, სასაუბრო არაბულის გავლენა იგრძნობა, ლიბანური დიალექტის ელფერით, რომელიც არაბული სამყაროს მრავალფეროვან ლინგვისტურ “ოჯახში” ერთიანდება. აღნიშნულის მიზეზს სოლისტი მარტივად ხსნის:

“ფუსჰაზე[კლასიკურ არაბულზე] არავინ საუბრობს. ჩვენ ვწერთ ისე, როგორც ვსაუბრობთ. ვფიქრობ, მუსიკა ბუნებრივი უნდა იყოს. ის უნდა ჟღერდეს ისე, როგორებიც ვართ ჩვენ”, – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი