ახალი ამბები

ყაზბეგის ინციდენტი Bell 505 ტიპის ვერტმფრენისთვის 2019 წელს მესამე შემთხვევაა

6 ივნისი, 2019 • 2051
ყაზბეგის ინციდენტი Bell 505 ტიპის ვერტმფრენისთვის 2019 წელს მესამე შემთხვევაა

დღეს, 6 ივნისს, ყაზბეგში ამერიკულ-კანადური კომპანია Bell Helicopter-ის თანამედროვე ვერტმფრენი Bell 505 ჩამოვარდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამ ტიპის ვერტმფრენისთვის ეს 2019 წელს მესამე შემთხვევაა.

Aviation Safety Network-ის ცნობით, პირველი ინციდენტი Bell 505-ს მიმდინარე წლის თებერვლის მიწურულს იაპონიაში შეემთხვა. იაპონიის სანაპირო დაცვა აღნიშნულ ვერტმფრენს ცდიდა, რა დროსაც ის დაზიანდა და ავარიულად დაეშვა სენდაის აეროპორტში. შემთხვევის შედეგად მაშინ არავინ დაშავებულა.

ფატალურად დასრულდა Bell 505 ტიპის ვერტმფრენის კატასტროფა კენიაში 2019 წლის მარტში. როგორც Aviation Safety Network იტყობინება, ვერტმფრენს გამოცდილი პილოტი მართავდა. მისი ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა, მათგან ოთხი ამერიკელი ტურისტი იყო. მაშინ კატასტროფის ერთ-ერთ მიზეზად პილოტის შეცდომა დასახელდა.

Bell 505 ტიპის ვერტმფრენი პირველად 2013 წელს პარიზის ავიაშოუზე წარადგინეს, მასობრივ წარმოებაში კი მოგვიანებით ჩაეშვა. ეს არის 5 ადამიანზე გათვლილი, შედარებით მცირე ზომის ვერტმფრენი, რომლის ღირებულებაც მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

აღნიშნულმა ვერტმფრენმა ცოტა ხნის წინ მიიღო სიმაღლეზე ფრენის სერტიფიკატი, რაც გულისხმობს, რომ მას ზღვის დონიდან 6.8 კმ-ის სიმაღლეზე შეუძლია ფრენა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 232 კმ/სთ-ია. მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ Bell 505 უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით აღჭურვილი ვერტმფრენია.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, BELL-505 ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდა, 2018 წელს იყო გამოშვებული და ავიაკომპანია “ავიატორი +”-ის ექსპლუატაციაში იმყოფებოდა. ვერტმფრენი სასტუმრო “რუმსს” ემსახურებოდა და ძირითადად ტურისტებისთვის იყო განკუთვნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი