ახალი ამბები

რას ამბობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმეზე?

5 ივნისი, 2019 • 1387
რას ამბობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმეზე?

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ყოფილი პრემიერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი განიხილა.

კომიტეტის სხდომის შემდგომ მომზადებული დოკუმენტის პირველ ნაწილში კომიტეტის წევრები კვლავ იხსენებენ მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას. აღნიშნულის საფუძველზე, ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დარწმუნდეს, რომ:

  • ამჟამად მიმდინარე გამოძიება სათანადოდ საფუძვლიანად მიმდინარეობს, რათა დაადგინოს საქმეზე პასუხისმგებელ პირთა ვინაობა და  სამართლებრივი პასუხისმგებლობა;
  • საკმარისად უზრუნველყოფილია წარმომადგენლობა, რათა განსაზღვროს, მოახდინა თუ არა გავლენა განმცხადებლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე სასამართლოს მიერ დადგენილმა ძალაუფლების გადამეტების შემთხვევამ ;
  • მიმდინარეობს საკმარისი გულმოდგინებითა და სისწრაფით.

მინისტრთა კომიტეტის წევრები ასევე “შეშფოთებით” აღნიშნავენ, რომ [საქართველოს] შიდა სასამართლომ ძალაში დატოვა პროკურატურის გადაწყვეტილება მერაბიშვილისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, რომელიც საკნიდან გაყვანის ეპიზოდს ეხება. კომიტეტი სთხოვს ოფიციალურ პირებს, კვლავ გადასინჯონ მერაბიშვილის სტატუსი და აქვე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ყოფილ მინისტრს აღნიშნული საქმის მასალებზე წვდომა გააჩნია.

მერაბიშვილის საქმის გარდა, დოკუმენტის თანახმად, კომიტეტი აღნიშნავს და მიესალმება იუსტიციის სამინისტროს ბრძანებას, რომლის თანახმადაც 2019 წლიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა ამჟამად არსებულ 5-დღიან ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით − 30 დღით გახდება შესაძლებელი; დოკუმენტში “ინტერესით” არის აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები გამოძიების წვდომაზე მისთვის საჭირო მობილური ტელეფონების მონაცემებთან დაკავშირებით. 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ოფიციალურ პირებს სთხოვს, მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ 2019 წლის 30 სექტემბრამდე.

მინისტრთა კომიტეტის აღნიშნულ გზავნილებთან დაკავშირებით დღეს, 5 ივნისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყება აღნიშნავს, რომ კომიტეტმა მოიწონა საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით მერაბიშვილისთვის საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა, ისევე როგორც სამინისტროს ზემოხსენებული ბრძანება და საკანონმდებლო ცვლილებები.

“სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ივანე მერაბიშვილის საქმე 2017 წლის ნოემბერში განიხილა და დარღვევა მხოლოდ ერთ ნაწილში − ციხიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდში დაადგინა. მერაბიშვილის პატიმრობა დიდმა პალატამ კანონიერად მიიჩნია”, – აცხადებს სამინისტრო სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე.

სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ კომიტეტის თანახმად, სექტემბრის სხდომაზე მერაბიშვილის საკითხს აღარ დაუბრუნდება. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით დოკუმენტში კონკრეტული ვადები მითითებული არ არის.

სამინისტროს განცხადებას პარტია “ევროპულმა საქართველომ” უპასუხა, რომლის წევრმა, გიორგი კანდელაკმა, სიცრუეში დაადანაშაულა უწყება. კანდელაკის თქმით, სამინისტრო ცრუობს, როცა ამბობს, რომ 2017 წელს სტრასბურგმა დარღვევა დაადგინა მხოლოდ ციხიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდში.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა აგრეთვე 5.3 მუხლის დარღვევა, რაც განპირობებული იყო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის სათანადო დასაბუთების გარეშე გაგრძელებით. გარდა ამისა, მე-18 მუხლის სიმძიმის გამო კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, განიხილოს დამატებითი, ზოგადი ზომების საჭიროება, მათ შორის ახალი გამოძიების შედეგების გათვალისწინებით”, – აცხადებს კანდელაკი.

გიორგი კანდელაკს ასევე სიცრუედ მიაჩნია სამინისტროს ნათქვამი, თითქოს კომიტეტი სექტემბრის სხდომაზე მერაბიშვილის საკითხს აღარ დაუბრუნდება. ის ხაზს უსვამს დოკუმენტში მოცემულ თხოვნას ხელისუფლებისადმი, მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია 2019 წლის სექტემბრის ბოლომდე წარადგინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი