ახალი ამბებისამართალი

ინტერესთა კონფლიქტი და ხარვეზიანი განაცხადი? – შენიშვნები მოსამართლეობის კანდიდატებზე

5 ივნისი, 2019 • 3718
ინტერესთა კონფლიქტი და ხარვეზიანი განაცხადი? – შენიშვნები მოსამართლეობის კანდიდატებზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144- კაციან სიაში ინტერესთა კონფლიქტისა და დოკუმენტაციების დარღვევით შედგენაზე საუბრობენ.

ჯანეზაშვილისა და დოლიძის შენიშვნები

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სასურველი კანდიდატების გასაყვანად იუსტიციის საბჭომ ახალი თამაში წამოიწყო და საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განაცხადი დარღვევებით დაარეგისტრირა.

ჯანეზაშვილის თქმით, გიორგი მიქაუტაძემ სამის ნაცვლად ორი რეკომენდაცია წარადგინა. იმისთვის, რომ მიქაუტაძემ შეძლოს დოკუმენტების დამატება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სხვა განმცხადებლებს ორი დღეა ურეკავენ და სთხოვენ დამატებითი დოკუმენტების წარდგენას, რითაც მიქაუტაძისთვის პრეცედენტს ქმნიან.

მსგავსი პროცედურები არ არის დადგენილი კანონმდებლობით. მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ პროცედურებში მონაწილეობს, განსაკუთრებით განმცხადებლებს – არ ჩაერთონ გიორგი მიქაუტაძის უკანონო თამაშში; იმისათვის, რომ მიქაუტაძის შეუვსებელი ან ხარვეზით შევსებული განაცხადი ჩაითვალოს მიზანშეწონილად და მოუძებნონ ამას გამართლება, არ ჩაერთონ ამ პროცესში და არ აჰყვნენ მის უკანონო პროცედურებს”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ანა დოლიძე კი აცხადებს, რომ ერთ-ერთი განმცხადებელი ზურაბ აზნაურაშვილი თამარ ონიანის მაზლია, რომელიც ამ დროისთვის იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრია.

როგორც დოლიძე ამბობს, თუ თამარ ონიანი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიიღებს მონაწილეობას და არ მოახდენს აცილებას, მას ინტერესთა კონფლიქტი ექნება.

სამწუხაროდ, იმ კანონით, რომელიც ირაკლი კობახიძემ დაუწერა ამ კლანს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფით, ამგვარი განმარტება ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინებული არ არის. ის რეალური ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც სახეზეა, არ უნდა დავუშვათ. ამით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თამარ ონიანის მიერ სხვა კანდიდატების შეფასების მიკერძოებლობა. ამიტომ თამარ ონიანი, ჩვენი ღრმა რწმენით და მოწოდებით, ამ პროცესს უნდა ჩამოშორდეს. ბატონი ზურაბ აზნაურაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არის ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ის არის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი. ის აუდიტის სამსახურში დასაქმდა 2013 წლიდან, ხოლო ეს თარიღი საეჭვოდ ემთხვევა აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ბატონ ვანო ზარდიაშვილის დასაქმებას. არაერთხელ აქვს გამოკვლეული, მათ შორის, მონიტორს, როგორ დაასაქმა ვანო ზარდიაშვილმა აუდიტის სამსახურში მიხეილ ჩინჩალაძის ნათესავები”, – ამბობს ანა დოლიძე.

ანა დოლიძის განცხადებით, თუ ზურაბ აზნაურაშვილი გააკონტროლებს პოლიტიკური პარტიების ფინანსებს, ეს მისი საქმიანობის ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს დასვამს.

მიქაუტაძისა და აზნაურაშვილის პასუხი

გიორგი მიქაუტაძის საპასუხო განცხადებით, არანაირ ცვლილებას აპირებს განაცხადში, რადგან გამორიცხულია, რომ ეს სხვა განაცხადებშიც მოხდეს. მისი თქმით, ამგვარი ჩარევა შეიძლება დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს.

მიქაუტაძის განცხადებით, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობისთვის შესაბამისი განაცხადი აბსოლუტური სიზუსტით შეავსო და საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადება სასაცილოა. მისივე თქმით, ის მოქმედი მოსამართლეა, რომელიც იუსტიციის საბჭომ ცოტა ხნის წინ უვადოდ დანიშნა და, შესაბამისად, ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

როგორც გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მხრიდან იმდენად დიდია სურვილია, რომ მან მოხსნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურა, უკვე ამგვარი სიცრუითაც კი კვებავენ საზოგადოებას:

რაც შეეხება რეკომენდატორებს, ასეთი გრაფა ძალიან ბევრია. ეს მიმარათულია საბჭოს აპარატისთვის ინფორმაციის მოძიების გასაიოლებლად. ძალიან ბევრი კითხვა იყო დასმული ამ კითხვარში, რომელსაც სავალდებულო ხასიათი არ აქვს. ზუსტად ასეთია რეკომენდატორების გრაფაც და არ შეიძლება რეკომენდატორების რაოდენობა განაპირობებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნების არსებობა-არარსებობის ფაქტს. ამაზე საუბარი არის სიცრუე და ღიმილის მომგვრელი”.

გიორგი მიქაუტაძე ტყუილს უწოდებს ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს მისი ხარვეზით შევსებული განაცხადის გამოსწორების მიზნით საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სხვა კანდიდატებს ურეკავენ და დამატებით დოკუმენტაციას სთხოვენ, რომელიც რეგისტრაციისთვის იყო აუცილებელი და მათ ეს თავიდანვე არ წარმოადგინეს. მიქაუტაძის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად შეავსეს, რის გამოც ელექტრონულ დოკუმენტაციაში მანიპულაცია წარმოუდგენელია.

ერთ-ერთი განმცხადებელი ზურაბ აზნაურაშვილი, რომელსაც ნეტგაზეთი ჩეხეთში დაუკავშირდა, აცხადებს, რომ წინასწარ ჰქონდა გათვლილი და გათვალისწინებული ყველაზე უარესი მდგომარეობით კონკურში მონაწილეობა.

ზურაბ აზნაურაშვილის განმარტებით, რადგან თამარ ონიანი მისი რძალია, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად არ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, რის გამოც მინუს ერთი ხმით იწყებს კონკურსს:

შესაბამისად, მე მაქვს პოტენციურად ყველაზე ნაკლები ხმა კონკურსანტებს შორის. მსგავსი ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე როდესაც ყოფილა, აუდიტის სამსახურში მუშაობის დროსაც, როდესაც წარვადგენდი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, მოსამართლე თამარ ონიანი ყოველთვის იცილებდა ამ საკითხებს ინტერესთა კონფლიქტის გამო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ყოფილა ინტერესთა კონფლიქტი და ეს ყოველთვის კანონის შესაბამისად დარეგულირებული გვაქვს. ამ სიტუაციაშიც მოხდება აცილება და ის არ მომცემს ხმას; მე ვიცი, რომ ერთით ნაკლები ხმა მექნება. ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და მინდა საკუთარი შესაძლებლობების პრეზენტაცია გავაკეთო, თუ მივალ გასაუბრების ეტაპამდე. მინდა ქალბატონ ანას და ქალბატონ ნაზისაც დავუმტკიცო, რომ ობიექტურად ღირსეული კანდიდატი ვარ. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ვთვლი, ბევრისთვის მაქვს ნაჩვენები ეს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვისაც. ვეცდები, რომ ვიბრძოლო არამოსამართლე წევრებსის ხმის მოსაპოვებლადაც”.

აზნაურაშვილი ადასტურებს ვანო ზარდიაშვილთან ნაცნობობას, თუმცა აცხადებს, რომ მასთან არანაირი ნათესაობა აკავშირებს, ხოლო მისი აუდიტის სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება გენერალურმა აუდიტორმა მიიღო.

ვარ ამ დარგის სპეციალისტი, რომელშიც ვმუშაობ წლებია. მაქვს მრავალი გამოცდილება და საერთაშორისო აღაირება. ახლაც ვიმყოფები მივლინებით ჩეხეთში და მივდივარ უკრაინაში საერთაშორისო კონფერენციებზე, როგორც საერთაშორისო ექსპერტი. ჩემს აღიარებას საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებიც მოწმობს, მაგალითად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება თუნდაც ჩემი და აუდიტის სამსახურის საქმიანობის არჩევნების დროს არაერთგზის. ადგილობრივი ორგანიზაციების აღნიშნავენ, რომ ჩემი საქმიანობის ობიექტურობის, სამართლაინობის და მსგავსი საკითხები არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მაგალითად, ISFED-ის არჩევნების მონიტორინგის შეფასებაშიც არის ეს ნახსენები. ვთვლი, რომ ვარ ამ დარგის სპეციალისტი და ჩემი თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილების მიმღები არც იყო ვანო ზარდიაშვილი. მას ვიცნობ, კი ბატონო, თუმცა სამსახურიდან გამომდინარეობს. სტუდენტობის დროს, პარლამენტში საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრ პირთან მქონია შეხება”, – ამბობს ზურაბ აზნაურაშვილი

როგორც აზნაურაშვილი განმარტავს, იურისტები მოკლე წრეა და თამარ ონიანსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იცნობდა, სანამ მისი რძალი გახდებოდა:

ბევრ პირს, ვინც ამ კონკურსში მონაწილეობს, შესაძლოა სახელმწიო სტრუქტურებთან შეხება ჰქონდეს. მე ვეცდები ჩემი შესაძლებლობების დამტკიცებას და კრიტერიუმებთან შესაბამისობას ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე. ვთვლი, არ იქნება სწორი, დავიჩაგრო იმის გამო, რომ ჩემი რძალი არის კომისიის წევრი. ბევრი ნაცნობი მყავს ამ სფეროში, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება უნდა მომეცეს”.

ზურაბ აზნაურაშვილის თქმით, -1 ხმა ყველაზე უარეს მდგომარეობაში უკვე აყენებს, ხოლო მისი კანდიდატურა საერთოდ არგანხილვა არ იქნება სწორი.


თავისუფალია თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ახალი, 144-კაციანი სია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული კლანის გავლენისაგან? არსებობს თუ არა გარანტია, რომ 20 ადამიანი, ვისაც პარლამენტს წარუდგენენ, „კლანის წევრები“ თუ მოკავშირეები არ იქნებიან?

ვრაცლად:

“კლანი არსად წასულა” — ვის სურს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა

მასალების გადაბეჭდვის წესი