79 მომხრე, 15 წინააღმდეგი – გაეროში აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუცია მიიღეს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა  სტატუსის შესახებ.

რეზოლუციას მხარი 79-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი 15 წავიდა, ხოლო 57-მა თავი შეიკავა.

გაეროს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს, რითაც ოფიციალური თბილისის პოზიციით განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელთან შედარებით ორი ქვეყნით შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც რეზოლუციას მხარს უჭერს, ხოლო მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ასევე შემცირებულია ერთი ქვეყნით.

მწვანედ მონიშნულია რეზოლუციის მხარდამჭერები, წითლად – მოწინააღმდეგეები, ყვითლად ისინი, ვინც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა. ის ქვეყნები, რომელთა გასწვრივაც არც ერთი ფერის ნიშანი არაა მითითებული, კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ.

“გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად – საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. აღსანიშნავია, რომ წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დამატებით 44 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად უფრო წონადი გახდა, რადგან ის უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, საერთო ჯამში, 45 ქვეყნის სახელითაა და მას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

“რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას”.

ამავე თემაზე

სომხეთმა პირველად არ მისცა ხმა დევნილების შესახებ საქართველოს რეზოლუციის წინააღმდეგ

44 ქვეყანა, რომელიც გაეროში საქართველოს რეზოლუციის თანაავტორი გახდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com