ახალი ამბები

რუსეთი ტინდერისგან მომხმარებელთა მიმოწერაზე წვდომას ითხოვს

4 ივნისი, 2019 • 2148
რუსეთი ტინდერისგან მომხმარებელთა მიმოწერაზე წვდომას ითხოვს

მედუზას ინფომაციით, რუსეთის ფედერალური ცენზორი გაცნობის ცნობილ აპლიკაციას, ტინდერს, მალე ოფიციალურად მოსთხოვს, რომ ყველა მომხმარებლის მიმოწერა ხელმისაწვდომი გახადოს სამართალდამცავებისთვის.

როგორც მედუზა იუწყება, რუსეთის ფედერალურმა ცენზორმა ტინდერი ინფორმაციის გამავრცელებელთა ორგანიზატორების სიაში 3 ივნისს დაამატა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცნობის აპლიკაციამ 6 თვის განმავლობაში უნდა შეინახოს ყველა მომხმარებლის მიმოწერა და სამართალდამცავი ორგანოსთვის, მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემები ხელმისაწვდომი გახადოს.

ტინდერმა ბიზნესინსაიდერს განუცხადა, რომ თანამშრომლობდნენ ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუმცა არცერთი მომხმარებლის პირადი მონაცემები არ გაუზიარებიათ რუსეთისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ ტინდერი დათანხმდება მოთხოვნას, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს (FSB) აწვდომა ექნება რა მხოლოდ მათი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის მიმოწერაზე.

ტინდერი ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური ქსელია და ყველაზე ხშირად გამოიყენება, როგორც გაცნობის საიტი. ტინდერის მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება, მოიწონონ ან არ მოიწონონ სხვა მომხმარებლები და ჰქონდეთ მიმოწერა იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე მოიწონებს ერთმანეთს. ტინდერში ხელმისაწვდომია მომხმარებელთა სურათები, მოკლე ბიოგრაფია და მათი სურვილისამებრ ინსტაგრამის ან სფოთიფაის ანგარიშიც.

ტინდერის გარდა, რუსეთის ფედერალურმა ცენზორმა ინფორმაციის გამავრცელებელთა სიაში კიდევ 175 ვებ-გვერდი და ონლაინ-სერვისი შეიყვანა.

ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, რომელიც აღნიშნულ სიაში უნდა ყოფილიყო, ტელეგრამია, მაგრამ კომპანიის დამფუძნებელმა 2018 წლის აპრილში უარი უთხრა ფედერალურ ცენზორს, რის შემდეგაც რუსეთმა აპლიკაცია დაბლოკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი