ახალი ამბები

უმცირესობების უფლებების ნაწილში მეტია გასაკეთებელი – ვერენა ტეილორი

5 ივნისი, 2019 • 1613
უმცირესობების უფლებების ნაწილში მეტია გასაკეთებელი – ვერენა ტეილორი

საბოლოო ჯამში, საქართველო სწორი მიმართულებით მოძრაობს, თუმცა არის სფეროები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს, – ასეთია ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის, ვერენა ტეილორის შეფასება საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ.

“ნეტგაზეთი” ვერენა ტეილორს თბილისში ვიზიტისას ესაუბრა, სადაც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე, რომელსაც ევროპის საბჭოს ადგილობრივი პარტნიორები ესწრებოდნენ, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების ჩათვლით, საქართველოსთვის შეაჯამეს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც დასასრულს უახლოვდება, და 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

2016-19 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს საქართველოში მიმდინარე პროექტებს შემდეგ სფეროებში:

  • ადამიანის უფლებები
  • მართლმსაჯულების უზრუნველყოფა
  • დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება
  • კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლა
  • ნდობის აღდგენის მექანიზმი (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით)

ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამოქმედო გეგმა არის არა პოლიტიკური, არამედ ტექნიკური ინსტრუმენტი საქართველოს ევროპის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე.

“საერთო ჯამში, ჩვენი შთაბეჭდილებები 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიურია. ჩვენ გვაქს ხელშესახები შედეგები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მიზანს უკვე მივაღწიეთ. არის სფეროები, სადაც შეიძლება მეტის გაკეთება. ეს ეხება უმცირესობების უფლებების დაცვას, მათ შორის, რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირებას, რისი ვალდებულებაც საქართველომ 20 წლის წინ, ევროსაბჭოში გაწევრების დროს აიღო. ეს ვალდებულება ამ დრომდე არ შესრულებულა”, – ამბობს ვერენა ტეილორი.

რეგიონული ენების ევროპული ქარტია ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ძირითადი კონვენციაა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენების დაცვას ითვალისწინებს. საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში არის შიში, რომ ქარტიის რატიფიცირება საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ენის სტატუსს, ასევე, დისკუსიის ნაწილია იმ ენების განსაზღვრაც, რომელსაც რეგიონული ან უმცირესობების ენის სტატუსი უნდა მიენიჭოს. საქართველომ ქარტიის ხელმოწერისა და რატიფიკაციის ვალდებულება 2000 წლის 27 აპრილამდე იკისრა, თუმცა ეს ამ დრომდე არ გაუკეთებია.   

ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხრივ გამოწვევას წარმოადგენს უმცირესობების უფლებები, სიძულვილის ენა, სოციალური უფლებები და ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

ვერენა ტეილორის თქმით, საქართველომ ასევე უნდა გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციები.

“მეტი სამუშაოა ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. GRECO-მ მიუთითა გამოწვევებზე, რომლებზეც საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს მომავალში და დარწმუნებული ვარ, ეს გაკეთდება”, – განაცხადა მან.

ევროპის საბჭო საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზეც

“ჩვენ გვაქვს შესაძლებლობის ფანჯარა მომდევნო არჩევნებამდე, რომ ვიმუშაოთ საარჩევნო რეფორმაზე ვენეციის კომისიასთან ერთად”, – დასძინა მან.

მართლმსაჯულების სისტემა და მოსამართლეთა უვადოდ განწესება

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ერთ-ერთია, რაც ევროპის საბჭოს შეფასებით შემდგომ განვითარებას და დახვეწას საჭიროებს. რაც შეეხება მოსამართლეთა უვადოდ განწესებას, რაზეც ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები შეიმუშავა, ვერენა ტეილორი იმედოვნებს, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და ამბობს, რომ ახლა პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავისი როლი.

“მომავალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩვენ ასევე ვიმუშავებთ მართლმსაჯულების სექტორის რეფორმაზე და ვნახავთ, რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ, რომ სასამართლო გავხადოთ არა მხოლოდ დამოუკიდებელი, არამედ ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი. ეს რჩება ძალიან დიდ გამოწვევად. ვნახოთ, რეფორმის მეოთხე ტალღა რა შედეგებს მოიტანს”, – განაცხადა ვერენა ტეილორმა.

საქართველოს თავმჯდომარეობა ევროსაბჭოში

2019 წლის ნოემბერში საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა, რომელიც თითოეული წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისგან, ან სტრასბურგში მათი მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლებისგან შედგება. ის განსაზღვრავს ევროპის საბჭოს პოლიტიკას, ამტკიცებს ორგანიზაციის ბიუჯეტს და საქმიანობის პროგრამას.

ვერენა ტეილორის თქმით, ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, ისევე როგორც ევროპის საბჭოსთვის.

“ევროპის საბჭო 70 წლისაა. საქართველო კი 20 წელია, ამ ორგანიზაციის წევრია და ახლა თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ეს დიდი მომენტია ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს ცხოვრებაში. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაინტერესდება ევროპის საბჭოთი, ვიდრე ჩევულებრივ. საქართველო ასევე ბიძგს მისცემს გარკვეულ საკითხებს, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანია. ეს იქნება შესაძლებლობა საქართველოსთვის, აჩვენოს დანარჩენ მსოფლიოს, რამდენად ერთგულია ქვეყანა ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პროგრესისადმი.  ახლახან დასრულდა ფინეთის თავმჯდომარეობა და ძალიან ბევრმა ადამიანმა ბევრი რამ ისწავლა ფინეთის შესახებ. ძალიან ბევრი ევროპელი ადამიანი არ ყოფილა საქართველოში. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ადამიანები ჩამოვიდნენ იმიტომ, რომ დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები, ჩამოვლენ ექსპერეტები, პოლიტიკოსები, დეპუტატები. ასე რომ, ეს არის ძალიან კარგი დიპლომატიური შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ გაიბრწყინოს და გახადოს ქვეყანა უფრო თვალსაჩინო ევროპისთვის”, – განაცხადა ტეილორმა.

საქართველო ევროპის საბჭოს 6 თვის ვადით, 2020 წლის მაისამდე უხელმძღვანელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი