ახალი ამბებისამართალი

“კლანი არსად წასულა” — ვის სურს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა

5 ივნისი, 2019 • 3579
“კლანი არსად წასულა” — ვის სურს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა

თავისუფალია თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ახალი, 144-კაციანი სია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული კლანის გავლენისაგან? არსებობს თუ არა გარანტია, რომ 20 ადამიანი, ვისაც პარლამენტს წარუდგენენ, „კლანის წევრები“ თუ მოკავშირეები არ იქნებიან?

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა 144 ადამიანს სურს. საჯაროდ მხოლოდ მათი სახელებია ცნობილი. სხვა დეტალები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს — ორგანოს, რომელმაც პარლამენტს დასამტკიცებლად საბოლოოდ 20 კანდიდატი უნდა წარუდგინოს — ჯერ არ გამოუქვეყნებია.

როგორც ნეტგაზეთს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, ეს დეტალები მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც კანდიდატები ოფიციალურად დარეგისტირდებიან. სპეციალისტები კი, რომლებიც სფეროს იცნობენ, ამ სიას არაერთგვაროვნად აფასებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შესარჩევად ხელახალი კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მიხეილ ჩინჩალაძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სხვა კანდიდატებმა — მათ, ვისაც არასამთავრობოები ჩინჩალაძის კლანის წევრებად მოიხსენიებდნენ — სამოქალაქო ზეწოლის შემდეგ უარი თქვეს კონკურსში მონაწილეობაზე.

ვინ არიან კანდიდატები?

ხელახალ კონკურსში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-კაციანი სიიდან მხოლოდ მიხეილ ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აღარ არიან, დანარჩენი რვა მოსამართლე — მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, გიორგი მიქაუტაძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე — კვლავ მონაწილეობენ კონკურსში.

როგორც ნეტგაზეთთან საუბარში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, ის, რომ ძველი სიიდან ეს 8 ადამიანი ახლანდელ სიაშიც არის, იმის დამადასტურებელია, რომ „კლანი არსად არ წასულა და არც მათი ინტერესები გამქრალა“.

„ჩვენ დავამარცხეთ ჩინჩალაძე იმ კუთხით, რომ ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე პრეტენზიას ვეღარ ბედავს და ვეღარ აცხადებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩინჩალაძე, როგორც მოვლენა, როგორც კლანის ლიდერი და „ბოსი“, მთლიანად დამარცხებულია. პერსონალურად დავამარცხეთ, მაგრამ მისი ძალაუფლება და გავლენები ისევ არსებობს “, — ამბობს ჯანეზაშვილი.

დაახლოებით იმავეს ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სასამართლოს პროგრამის ხელმძღვანელი, სოფო ვერძეული, რომელიც წლებია, სასამართლო სისტემას ადევნებს თვალყურს:

„ის, რომ ლიდერი არ არის სიაში, არ ნიშნავს, რომ კლანი არ არის წარმოდგენილი. პირიქით, ძირითადი ბირთვი ამ ადამიანებისა სიაში არის. და ეს მხოლოდ აღნიშნული 8 მოსამართლე არ არის. არიან სხვებიც, რომლებიც რაღაც ფორმით დაკავშირებული არიან ამ ჯგუფთან“.

„კლანის აქტიური და პასიური მხარდამჭერები“, – ამ ტერმინით ახასიათებს ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ნაწილს:

„გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც აქტიურად გამოდიან [მედიაში] და ღიად იცავენ ჩინჩალაძის პოზიციას, არსებობენ პასიური მხარდამჭერები, რომლებზეც საზოგადოებამ ასე მკვეთრად არ იცის, რომ ჩინჩალაძის კლანის წევრია. სავარაუდოდ, ასეთი პასიური მხარდამჭერებითაც იქნება ეს სია, საბოლოო ჯამში, გაჯერებული. ჩვენ ვერ შევნიშნავთ და ვერ ამოვიცნობთ, ვინ არის ამა თუ იმ სახელსა და გვარს მიღმა დამალული, არ ვიცით, რას გააკეთებს“, — გვეუბნება ჯანეზაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კლანად მოიხსენიებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისა და სხვა მოსამართლეების ჯგუფს, რომელიც NGO-ების მტკიცებით, მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის ირგვლივ არიან გაერთიანებული. მოსამართლეები კლანის არსებობას უარყოფენ და NGO-ებს აქეთ უწოდებენ კლანს.

სოფო ვერძეულისა და ნაზი ჯანეზაშვილის [მას, როგორც საბჭოს წევრს, ხელი მიუწვდება კონკურსანტების შესახებ ინფორმაციაზე] თანახმად, ამ 144 ადამიანს შორის მეტწილად არიან საერთო სასამართლოებში მოქმედი მოსამართლეები, ადვოკატები და იურისტები კერძო თუ აკადემიური სფეროდან, ასევე, მოქმედი თანამდებობის პირებიც.

საბოლოო ჯამში, ჯანეზაშვილი ამ სიას დადებითად აფასებს, თუმცა, მისი თქმით, „ეს არ ნიშნავს, რომ შედეგიც აუცილებლად ისეთივე კარგი იქნება, როგორიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“. სოფო ვერძეული ამბობს, რომ საერთო ჯამში, „კეთილსინდისიერი, კვალიფიციური კადრების, იურისტების ძალიან დიდმა ნაწილმა თავი შეიკავა ამ პროცესში მონაწილეობისგან, რაც დასანანია“, თუმცა:

„ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე ისეთი კადრია, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლოს მათი ყოფნა წაადგებოდა“. ამის მიუხედავად, კითხვები რჩება სხვადასხვა შემთხვევებზე, საჯარო სამსახურებში დასაქმებული თუ სხვა სასამართლოში უვადოდ განწესებული ადამიანების მიმართ.

მოსამართლეობის მსურველი გენერალური პროკურორი

მაგალითად: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი, სხვებთან ერთად, გამოთქვეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, — რომელიც 2018 წელს 6 წლის ვადით დაინიშნა ამ თანამდებობაზე, — და მისმა პირველმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ.

სოფო ვერძეული კრიტიკულად აფასებს თადუმაძის ამ ნაბიჯს: „უცნაურია, რომ გენპროკურორი, რომელიც 6 წლით არის დანიშნული და ერთი წლის წინ გაიარა მსგავსი კონკურსი, საპროკურორო საბჭოს წარუდგინა ხედვა, შემდეგ პარლამენტმა მხარი დაუჭირა… ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ მივიდა კონკრეტული ხედვით პროკურატურის სისტემაში. ერთი წლისთავზე კი, რომლის განმავლობაშიც საერთოდ კომუნიკაციაზე არ გამოსულა საზოგადოებასთან, ეს ადამიანი აკეთებს განაცხადს, რომ აღარ უნდა პროკურორობა და უნდა მოსამართლეობა. ეს ორივე ინსტიტუტის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა“, — გვეუბნება ვერძეული.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, პრობლემურად არ მიიჩნევს მართლმსაჯულების რომელიმე რგოლის წარმომადგენლის მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობას, რადგან „რიგით პროკურორებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება დაგროვილი, შეიძლება ბუნებრივად ჰქონდეთ მოთხოვნილება, რომ სასამართლო სისტემაში გადავიდნენ“, ვერძეული მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში ასეთ საქმეზე არ არის საუბარი:

„ჩვენ ვლაპარაკობთ გენპროკურორზე, რომელიც სისტემას წარმოადგენს… მას არ ჰქონია და არ დაუგროვებია საპროკურორო გამოცდილება და ახლა თავისი პროფესიული მომავლის განვითარების შესაძლებლობას არ ხედავს სასამართლოში“.

თუმცა, გარდა პროფესიული არჩევანისა, კითხვნის ნიშნები თადუმაძის პოლიტიკურ აფილაციებზეც არსებობს: თადუმაძე  2011–2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, მოგვიანებით კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახდა. გარდა ამისა, შალვა თადუმაძის შვილის ნათლია არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პარალელურად საპროკურორო საბჭოს წევრია.

„თავის დროზეც ვიცოდით, რომ მას ჰქონდა მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა და მისი პერსონა მისაღები იყო და არის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ მის პერსონალურ სურვილებზე, თუ რომელ ინსტიტუტში სურს მუშაობისა და პროფესიული კარიერის გაგრძელება. ჩნდება კითხვა: რეალურად მისი სახელი ხომ არ არის მოაზრებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანსიაზე და მისი სასამართლოში ყოფნა ერთგვარ სიმშვიდეს ან გარანტიას ხომ არ მისცემს პოლიტიკურ ხელისუფლებას?“ — გვეუბნება სოფო ვერძეული.

თავის მხრივ, სახელმწიფო პრობლემას ვერ ხედავს თადუმაძის კანდიდატობაში. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2 ივნისს განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შესარჩევ კონკურსში ნებისმიერ მსურველს აქვს მონაწილეობის მიღების უფლება, მათ შორის, მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს.

„მთავარი, რაც საზოგადოებამ უნდა დაინახოს და უკვე დაინახა პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებით, [არის ის, რომ] ნებისმიერი ადამიანის შერჩევა ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ხდება გამჭვირვალედ, უმაღლესი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით“, – თქვა ბახტაძემ.

“გამჭვირვალე პროცესი“

იქნება კი ეს პროცესი გამჭვირვალე ან ინტერესთა კონფლიქტისგან დაცლილი?! ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთი მსურველი არის ზურაბ აზნაურაშვილი, რომელიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრის, თამარ ონიანის მაზლი (ქმრის ძმა).

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ის ორგანოა, რომელმაც მოსამართლეობის 20 კანდიდატი უნდა შეარჩიოს. როგორც საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი გვეუბნება, საჭიროა, თამარ ონიანმა თავი შეიკავოს პროცესში მონაწილეობისაგან.

„მისი მონაწილეობა ამ პროცესში საზოგადოებას არ გაუჩენს ობიექტურობას განცდას. კანონში კი არის ინტერესთა კონფლიქცის ცნება, მაგრამ კანონი ხარვეზიანია და ასეთი ტიპის ინტერესთა კონფლიქტზე არაფერს ამბობს. ამ შემთხვევებზე ვერ ვრცელდება. არადა, ცხადია, რომ მაზლი არ უნდა შეაფასო“, — ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

თამარ ონიანი მიხეილ ჩინჩალაძის რეფერენტი იყო უზენაეს სასამართლოში; ამასთან, სტუდია მონიტორის თანახმად, თამარ ონიანის ქმარი, ზურაბ აზნაურაშვილის ძმა, გიორგი აზნაურაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძის მეჯვარეა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კითხვით, აპირებს თუ არა ონიანი, შეფასების პროცესს გამოეთიშოს და ფიქრობს თუ არა, რომ ინტერესთა კონფლიქტი აქვს. საბჭოს/ონიანის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება: 5 ივნისი, 20:00 საათი — ნეტგაზეთი დაუკავშირდა ზურაბ აზნაურაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ თამარ ონიანი ინტერესთა კონფლიქტის ასარიდებლად იგი არ მიიღებს მონაწილეობას მის შეფასებაში. 

თუმცა, როგორც ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, „მხოლოდ ის, რომ თავისი მაზლის გასაუბრებაში არ მიიღოს მონაწილეობა, არ ნიშნავს, რომ სხვა კანდიდატებთან მიმართებაში იქნება ობიექტური — შეიძლება, სხვებს დაბალი ქულები დაუწერონ, რათა მაზლი გავიდეს“. ამიტომაც ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ონიანმა საერთოდ არ უნდა მიიღოს შერჩევის პროცესში მონაწილეობა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გვითხრეს, რომ მიქაუტაძე შეფასების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, ანუ თავის კონკურენტებს არ შეაფასებს.

პროცედურა

უზენაესის მოსამართლეობის 144 მსურველიდან შეიძლება, ნაწილი კანდიდატად არ დაარეგისტრირონ. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ფორმალურ კრიტერიუმებში მათ დარღვევა/პრობლემა ექნებათ. შერჩევის პროცედურა, საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 34-ე პრიმა მუხლის თანახმად, ასეთია:

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველების განცხადებების მიღების ვადა 31 მაისს ამოიწურა. ამის შემდეგ საბჭოს 5 სამუშაო დღე აქვს, რათა გადაწყვიტოს, რომელი განმცხადებელი დარეგისტრირდება კანდიდატად. ეს ვადა 7 ივნისს იწურება;
  • მათ, ვისაც კანდიდატად არ დაარეგისტრირებენ, ორი სამუშაო დღე აქვთ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის;
  • საჩივრების განხილვიდან 5 სამუშაო დღეში იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს სხდომას, რათა შეიმუშაოს მოკლე სია [შორთლისტი] — 50 კანდიდატი;
  • 50 კანდიდატს ფარულ კენჭისყრაზე ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრი;
  • შერჩეულების სია ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე;
  • სიის გამოქვეყნებიდან 10-დან 20-მდე სამუშაო დღეში იწყება მოკლე სიაში მყოფი კანდიდატების საჯარო მოსმენა — საბჭოს წევრები ღია სხდომაზე გაესაუბრებიან კანდიდატებს.
  • „შორთლისტის“ 50-ივე კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ გაიმართება ფარული კენჭისყრა, რომელზეც საბჭოს 15-მა წევრმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ის 20 ადამიანი, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება;

ამის შემდეგ ჯერი პარლამენტზეა.

ამავე თემაზე:

ინტერესთა კონფლიქტი და ხარვეზიანი განაცხადი? – შენიშვნები მოსამართლეობის კანდიდატებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი