ახალი ამბებისამართალი

თიბისი ბანკის თანამშრომელთან ჩხუბის შემდეგ კლიენტს ოპერაცია ჩაუტარდა

4 ივნისი, 2019 • 3696
თიბისი ბანკის თანამშრომელთან ჩხუბის შემდეგ კლიენტს ოპერაცია ჩაუტარდა

თიბისი ბანკის ერთ-ერთი ფილიალის დაცვის სამსახურის თანამშრომელს ბანკის კლიენტი, ზვიად გოგიაშვილი ე.წ. კასტეტით თავდასხმაში ადანაშაულებს. ბანკში კი ამბობენ, რომ გოგიაშვილს მხოლოდ ხელი დაარტყეს სახეში მას შემდეგ, რაც ოპერატორს მიაყენა შეურაცხყოფა.

ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ზვიად გოგიაშვილი ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დღეს ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ბანკის კლიენტი სოციალურ ქსელში წერს, დაპირისპირების შემდეგ ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და სისხლდენა ჰქონდა. ზვიად გოგიაშვილი მადლობას უხდის ალადაშვილის კლინიკის ექიმებს წარმატებული ოპერაციისთვის.

თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ ზვიად გოგიაშვილი სწრაფი გადახდის აპარატზე გაბრაზდა და თავდაპირველად მან მიაყენა ოპერატორს შეურაცხყოფა. ბანკში ამბობენ, რომ ოპერატორს კრედიტოფიცერი გამოესარჩლა და კლიენტს სახეში ხელი გაარტყა.

თიბისი ბანკში უარყოფენ ბრალდებას იმის შესახებ, რომ ზვიად გოგიაშვილის წინააღმდეგ ე.წ. კასტეტი გამოიყენა მათმა თანამშრომელმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი