ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები EU-სა და საქართველოსთვის – ირაკლი სირბილაძე

ავტორი: ირაკლი სირბილაძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი

აქედან გამომდინარე, არჩევნებამდე არსებული საზოგადოებრივი გამოკითხვები პოპულისტური და ევროსკეპტიკური პარტიების მიერ ევროპარლამენტში წარმომადგენლობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას პროგნოზირებდა, თუმცა არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ აღნიშნულმა პარტიებმა, მართალია, შეძლეს შედეგების გაუმჯობესება, თუმცა, არა მნიშვნელოვნად. მეტიც,  ევროკომისიის გენერალური მდივნის, მარტინ სელმაიერის თანახმად, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ „ეგრეთ წოდებული პოპულისტური ტალღა შეკავებულია“.

რა ძირითადი შედეგები აჩვენა ევროპარლამენტის არჩევნებმა? არის თუ არა პოპულისტური ტალღა მართლაც შეკავებული? როგორია ძალთა ბალანსი ევროპარლამენტში და რა გავლენა ექნება ახალ ძალთა ბალანსს ევროკავშირის პოლიტიკაზე? რა გავლენა შესაძლოა ჰქონდეს ახალ რეალობას ევროპარლამენტში საქართველოსთვის? წინამდებარე ბლოგი ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცდება.

ევროპარლამენტი ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სუპრანაციონალური ინსტიტუტია, რომელიც სამ ძირითად ფუნქციას ასრულებს: 1) საკანონმდებლო ფუნქციები. ევროკავშირის საბჭოსთან ერთად პარლამენტი თანაკანონმდებელია; ის იღებს და შესწორებები შეაქვს საკანონმდებლო ინიციატივებში; 2) ბიუჯეტთან დაკავშირებული ფუნქციები. ევროკავშირის საბჭოსთან ერთად ამტკიცებს ევროკავშირის ყოველწლიურ ბიუჯეტს; 3) საზედამხედველო ფუნქციები. ევროპარლამენტი ზედამხედველობას უწევს ევროკავშირის ინსტიტუტებს და უპირველეს ყოვლისა ევროკომისიას, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს. ევროპარლამენტი ასევე თანამშრომლობს ეროვნულ პარლამენტებთან და ლისაბონის ხელშეკრულების შემდეგ აღჭურვილია სხვადასხვა ფუნქციებითაც, მაგალითად, პარლამენტი ამტკიცებს ევროკომისიის ხელმძღვანელს.

ევროპარლამენტს 751 დეპუტატი ჰყავს, თუმცა დეპუტატთა რიცხვი 705-მდე შემცირდება მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად დატოვებს ევროკავშირის რიგებს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რაოდენობა 27 გახდება. დეპუტატები გაერთიანებული არიან შემდეგ პოლიტიკურ ჯგუფებში (ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შესაქმნელად საჭიროა მინიმუმ 25 დეპუტატი, რომლებიც სულ მცირე 7 წევრ სახელმწიფოში არიან არჩეულნი): ევროპის სახალხო პარტია (EPP); სოციალ-დემოკრატები (S&D); ევროპული კონსერვატიული და რეფორმისტთა ჯგუფი (ECR); ლიბერალ-დემოკრატები (ALDE&R); მწვანეთა პარტია (GREENS/EFA); ევროპის გაერთიანებული მემარცხენეები (GUE-NGL); თავისუფლების ევროპა და პირდაპირი დემოკრატიის ჯგუფი(EFDD); ერების და თავისუფლების ევროპის ჯგუფი (ENF); მიუმხრობელი წევრები (NI) და სხვები (ახლად არჩეული დეპუტატები, რომელიც არცერთ არსებულ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან).

ევროპარლამენტის 2014 წლის არჩევნებში წამყვან პოზიციას ევროპის სახალხო პარტია (221 დეპუტატი) და სოციალ-დემოკრატები (191 დეპუტატი) იკავებდნენ, რომელსაც მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ სხვა პოლიტიკური ჯგუფები. მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფ ევროპულ კონსერვატორებს და რეფორმისტებს და ლიბერალ-დემოკრატებს, შესაბამისად, 70 და 67 დეპუტატი ჰყავდათ. თუმცა 2019 წლის არჩევნებმა ორი ძირითადი წამყვანი პოლიტიკური ჯგუფის დომინაცია მნიშვნელოვნად შეასუსტა.

ევროპარლამენტში არსებული ჯგუფების კონფიგურაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროკავშირის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისთვის. მართალია, 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნები უფრო მეტად ევროკავშირის შიდა პოლიტიკაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე საგარეო პოლიტიკასა და გაფართოების საკითხებზე, ევროპარლამენტი გადამწყვეტს როლს თამაშობს როგორც ახალი წევრი სახელმწიფოს მიღებაში, ისე ახალი წევრი სახელმწიფოს მიღების ფინანსურ ასპექტში. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საკუთარ პოზიციას გამოხატავს გაფართოების შესახებ, ხოლო მის მიერ მიღებული რეზოლუციები გავლენას ახდენენ ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაზე.

ამის გათვალისწინებით, ახალი ძალთა ბალანსი გავლენას მოახდენს არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორი იქნება ინტეგრაციის ხარისხი ევროკავშირის შიგნით და როგორ უპასუხებს ევროკავშირი მის წინაშე მდგარ რთულ გამოწვევებს, არამედ ის გავლენას მოახდენს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მომავალსა და მიმართულებებზეც.

2019 წლის არჩევნების შედეგებით სამი ძირითადი მახასიათებლის გამოყოფა შეიძლება. დასაწყისში უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით წინა არჩევნებისა, ამომრჩეველთა აქტივობა 2019 წელს 51 %-ს შეადგენდა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა.

პირველი, მიუხედავად გავრცელებული პროგნოზებისა პოპულისტური და ევროსკეპტიკური ტალღის შესახებ, ევროსკეპტიკოსმა პარტიებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა ევროპარლამენტის შიგნით მხოლოდ მცირედით გაიუმჯობესეს წარმომადგენლობა. თუმცა ამ მხრივ აღსანიშნავია მემარჯვენე პოპულისტური პარტიების წარმატება, ხოლო მემარცხენე პოპულისტური პარტიების შედარებითი წარუმატებლობა. გარდა ამისა, შესამჩნევია ახალი პარტიების  (პარტიები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ 2014 წლის არჩევნებში) წარმატება დიდი ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და საბერძნეთში. საერთო ჯამში, ევროპარლამენტში წარმომადგენლობა მინიმალურად გაზარდეს მემარჯვენე პოპულისტებმა (6 დეპუტატით), ხოლო მნიშვნელოვნად რადიკალურმა მემარჯვენე პოპულისტებმა 32 დეპუტატით, საიდანაც 23 იტალიაზე მოდის.

მეორე, ტრადიციულმა ცენტრისტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაკარგეს. ევროპის სახალხო პარტიას დეპუტატების რაოდენობა 221-დან 179-მდე, ხოლო სოციალ-დემოკრატებს 191-დან 153-მდე შეუმცირდათ. ევროპარლამენტის დონეზე მემარჯვენე და მემარცხენე ცენტრისტულმა პარტიებმა დაკარგეს უმრავლესობა, რამაც საფუძველი დაუდო ევროპარლამენტის შიგნით უფრო მეტ იდეოლოგიურ ფრაგმენტაციას, რასაც შედეგად შეიძლება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინიციატივების შეფერხება მოჰყვეს. ისევე როგორც ეროვნულ დონეზე, ევროპულ დონეზეც ევროკავშირის ამომრჩეველმა უნდობლობა გამოუცხადა მეინსტრიმულ პარტიებს, რაც ამ პარტიების შიდა კრიზისზე შეიძლება მიუთითებდეს.

მესამე, 2019 წლის არჩევნების შედეგად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვეს ლიბერალ-დემოკრატებმა და მწვანეებმა. ევროპარლამენტში 105 მანდატის მოპოვებით ლიბერალ დემოკრატებმა 2014 წლის შედეგი 38 მანდატით გააუმჯობესეს, ხოლო 69 მანდატის მოპოვებით მწვანეებმა 19 მანდატით. აღნიშნულ ორ პოლიტიკურ ჯგუფს მეტწილად მხარდაჭერა გამოუცხადა ამომრჩეველთა იმ ნაწილმა, რომლებიც ევროკავშირის იდეის შენარჩუნებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლიბერალ-დემოკრატების წარმატება ძირითადად განპირობებულია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის შედეგებით, ხოლო უკანასკნელის მიერ ევროკავშირის დატოვების შემდეგ ლიბერალ- დემოკრატების წარმომადგენლობა 16 მანდატით შეცირდება.

ევროპარლამენტის ახალი კონფიგურაციით შესამჩნევია, რომ გამოიკვეთა ოთხი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი, რომელთა პლატფორმა ევროკავშირის იდეის შენარჩუნებას ემყარება და რომელთა შორის თანამშრომლობის ხარისხი და მახასიათებლები მომდევნო ხუთი წლის მანძილზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც პოპულისტური ტალღის შეკავება თუ აღზევებაზე, ისე ევროკავშირის შიგნით ინტეგრაციის ხარისხის გაღრმავებასა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მომავალსა და მიმართულებებზე.

დასაწყისში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების პარტნიორებმა ევროპარლამენტში (ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები; ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა და ევროპული საქართველო – ევროპის სახალხო პარტია) მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, თუმცა ისინი კვლავ რჩებიან წამყვან ძალებად ევროპარლამენტის შიგნით. ევროპარლამენტში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ლიბერალ-დემოკრატებმა, რომელთა წევრები საქართველოს რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები არიან. ევროპულ მწვანეთა პარტიის წევრი კი საქართველოს მწვანეთა პარტიაა.

ევროპარლამენტის შიგნით საქართველოს პოლიტიკური პარტიების პარტნიორების გავლენა მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის ფარგლებში ამ ჯგუფების მიერ საქართველოს მხარდამჭერი პოლიტიკის გატარების მხრივ. მაგალითისათვის, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოუცხადა წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, როგორიცაა ევროპის სახალხო პარტია და სოციალ- დემოკრატები.

ამავდროულად, ევროპარლამენტი მონიტორინგს უწევს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას და იღებს საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა სახის რეზოლუციებს, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებაზე. მაგალითად, 2018 წლის 14 ივნისს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. აღნიშნული რეზოლუციის ინიციატორები იყვნენ სახალხო პარტიის, ლიბერალ-დემოკრატების, სოციალ- დემოკრატების, ევროპელი კონსერვატორებისა და მწვანეთა პარტიის დეპუტატები. 2019 წლის არჩევნების შემდეგ აღნიშნული პარტიები ინარჩუნებენ წამყვან პოზიციებს ევროპარლამენტის შიგნით, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირის პოლიტიკის ძირითადი ხაზი საქართველოს მიმართ შენარჩუნდება.

ევროპარლამენტში შემავალი პოლიტიკური ჯგუფების მიდგომა ევროკავშირის გაფართოების მიმართ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გაფართოების პოლიტიკაზეც. 2019 წლის არჩევნების შედეგად გამარჯვებული ოთხი წამყვანი პოლიტიკური ჯგუფი ზოგადად ემხრობა ევროკავშირის გაფართოებას, თუმცა ევროკავშირის შიდა კრიზისების ფონზე  ისინი გაფართოების პოლიტიკას აქტიურად დღის წესრიგში არ აყენებენ. თუმცა აღნიშნული პარტიები მხარს უჭერენ, მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას. გარდა ამისა, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია თავის 2019 წლის საარჩევნო პროგრამაში მხარს უჭერს სამეზობლოში ევროკავშირის გაზრდილ სტრატეგიულ ჩართულობას და გაწევრიანების პერსპექტივას დასავლეთ ბალკანეთისა და „საერთო ევროპული სამეზობლოს“ ქვეყნებისათვის. მწვანეთა პარტია კი მხარს უჭერს „აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას“.

ლიბერალ-დემოკრატებისა და მწვანეთა პარტიის გაზრდილი წარმომადგენლობა და სახალხო პარტიისა და სოციალ-დემოკრატების მოწინავე პოზიციები ევროპარლამენტში შესაძლებელია საქართველოსთვის გახდეს მნიშვნელოვანი საფუძველი იმისათვის, რომ ევროპარლამენტის ხუთწლიანი ვადის განმავლობაში საქართველომ შეძლოს ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანა. ეს შორეულ პერსპექტივაში გულისხმობს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ხოლო ახლო პერსპექტივაში ევროკავშირის მიერ  ლისაბონის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. პრაქტიკული თვალსაზრისით კი ეს გულისხმობს ევროკავშირთან არსებული ურთიერთობების ფარგლებში მიღწეული შედეგების შენარჩუნებასა და თანამშრომლობის ახალი ფორმატების განვითარებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი