ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ქმრები საკონტროლოს დასაწერადაც არ უშვებენ მოსწავლეებს სკოლაში – განათლების მკვლევარი აზერბაიჯანში

4 ივნისი, 2019 • 3210
ქმრები საკონტროლოს დასაწერადაც არ უშვებენ მოსწავლეებს სკოლაში  – განათლების მკვლევარი აზერბაიჯანში

გიუნელ მევლუდი


რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანში 14 წლის მოსწავლე სკოლის მესამე სართულის ფანჯრიდან გადახტა და დაიღუპა. გოგონას მშობლები მოგვიანებით აცხადებდნენ, რომ სკოლის მენეჯმენტმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება მხოლოდ ორი საათის შემდეგ გამოიძახა. აზერბაიჯანული მედია იმასაც წერდა, რომ თვითმკვლელობამდე გოგონას ჩაგრავდნენ მასწავლებლები და დირექტორი. ამ ეტაპზე სკოლის დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიება  მიმდინარეობს. შემთხვევას აზერბაიჯანულ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰქონდა. დისკუსიები დაიწყო განათლების სისტემაში პედაგოგიურ კრიზისზეც.

ქამრან ასადოვი, განათლების საკითხების მკვლევარია აზერბაიჯანში, რომელიც ნეტგაზეთთან სწორედ ამ კრიზისსა და ზოგადად, ქვეყნის განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება.

ბატონო ქამრან, ჩვენი საუბარი სწორედ ამ ბოლო ტრაგიკული ფაქტით უნდა დავიწყოთ. გოგონა, რომელიც სკოლის ფანჯრიდან გადახტა, როგორც აღმოჩნდა, სკოლაში ყველა მხრიდან ჩაგვრის ობიექტი იყო, ამასთან უშუალო კავშირი სკოლის თანამშრომლებსაც აქვთ. რა გვაჩვენა ელინას შემთხვევამ, რა ზომებია მისაღები სკოლებში?

თუ განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს ზოგადად მიმოვიხილავთ, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საშუალო სკოლებში ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ნაკლებობა იყოს. ამასთან დაკავშირებით თითქოს ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ბოლო წლებში, თუმცა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები და ფსიქოლოგები ამ კუთხით ვერ განვითარდნენ. საკითხის ჩემი პირადი დაკვირვებისა და შესწავლის შესაბამისად, ვიტყვი, რომ არასათანადო ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ბევრი მიზეზითაა გამოწვეული.

პირველი ისაა, რომ ეს რაღაც ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ახალი სფეროა სკოლების თანამშრომლებისთვის. ფსიქოლოგის შტატმა სკოლებში ფეხი ჯერ ვერ მოიკიდა და საზოგადოებაც არასაკმარისად ინფორმირებულია. მშობლებიც კი ვერ ხვდებიან ბოლომდე, რა როლი აქვთ ფსიქოლოგებს სკოლებში.

მეორე მხრივ, ის ფსიქოლოგები, რომლებიც უკვე მუშაობენ სკოლებში, მოკლებული არიან ბავშვებთან ფსიქოლოგიური სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობებს და სამოტივაციო ინსტრუმენტებს, რადგანაც არავისთვისაა საიდუმლო, რომ სკოლებში ისინი ხშირად მასწავლებლებს ცვლიან.  

კიდევ ერთი მიზეზი არის სკოლის ფსიქოლოგის დაბალი ხელფასი, რომელიც უნდა გაუტოლდეს მასწავლებლის ხელფასს. ყველა ამ პრობლემას ემატება ისიც, რომ ფსიქოლოგებს უწყვეტი განათლება სჭირდებათ.

არსებობენ ბავშვები ფსიქოლოგიური აშლილობებით, ქცევითი აშლილობებით, კომუნიკაციის პრობლემებით, რთულად აღსაზრდელი ბავშვები. სკოლის ფსიქოლოგებმა ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდნენ თითოეული ქცევითი ტიპი და შესაბამისი მიდგომები და ცოდნა.

კი, ტრენინგები ტარდება მათთვის, მაგრამ მოსწავლეებთან ინდივიდუალური შეხვედრებისთვის საჭირო აღჭურვილი ოთახები უნდა ჰქონდეთ. პარალელურად უნდა ესაუბრებოდნენ მშობლებს.

ბევრი გვაქვს სამუშაო როგორც ფიზიკური, ასევე, ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარებისთვის.

ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ბოლო დროის სუიციდის ფაქტების უმრავლესობა სკოლის მოსწავლეებზე მოდის. ფაქტიურად სკოლის მოსწავლეების სუიციდს ირიბი კავშირი აქვს სკოლის ფსიქოლოგების მუშაობის ხარისხთან.

ამავე დროს, როდესაც ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით გარემოს, სადაც ის ცხოვრობს. როგორც წესი, კონფლიქტები ოჯახში ბავშვის ტრავმის მაპროვოცირებელი ხდება. ამიტომაც მშობლების პასუხისმგებლობაც ძალიან მაღალია. მხოლოდ ფსიქოლოგისგან მუშაობის მოლოდინი სწორი არ იქნებოდა.

მოდით, აქვე მშობლების როლზე გადავიდეთ. საბჭოთა დროს მშობლებს არ შეეძლოთ აეკრძალათ შვილებისთვის სკოლაში სწავლა. დღეს ქვეყნის საშუალო სკოლები ასევე სავალდებულოა, თუმცა პოლიცია, მასწავლებლები და სახელმწიფო უწყებები თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ ყოველწლიურად მოსწავლეთა გარკვეულ რაოდენობას, განსაკუთრებით, გოგონებს, საშუალო განათლების მიღების შესაძლებლობა ერთმევათ.

სამწუხაროდ, განათლების სფეროში ყველა ინიციატივას თუ სკოლების მოდერნიზებას აზრს უკარგავს ის პრობლემები, რომელიც ამ კუთხით არსებობს აზერბაიჯანში. გოგონები, განსაკუთრებით რეგიონებში, სკოლებს მასობრივად ტოვებენ.

ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ სოფლად გოგონების მიერ სკოლების მიტოვება რიგი მიზეზებითაა გამოწვეული. უმრავლეს შემთხვევაში უფროსკლასელების მიერ სკოლების დატოვება ნაადრევი ქორწინებებით აიხსნება. სოფლად, როგორც წესი, უკვე მერვე კლასში ქორწინდებიან.

მსგავსი შემთხვევები ფართოდაა გავრცელებული აზერბაიჯანის ჩრდილოეთ და სამხრეთ რაიონებში. არსებობს შემთხვევები, როდესაც არასწრულოვანი გოგონას ქმარი სკოლაში არ უშვებს საკონტროლოს დასაწერად.

სკოლების გაცდენის კიდევ ერთი ფაქტორია მშობლების მიერ შვილების იძულება, იმუშაონ და ამისთვის არავინ აგებს პასუხს. მშობლები, რომლებიც მცირე ვაჭრობით არიან დაკავებული, თავიანთ 12-13 წლის შვილ გოგონებსაც მაღაზიაში მუშაობას ავალდებულებენ, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრების წესად იქცევა ხოლმე.

ისეთი სადამსჯელო ზომები, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა და მაღალი ჯარიმები ადრეული ქორწინების ხელშეწყობისთვის, ზოგადად, საკანონმდებლო ნორმები, ნაწილობრივ ამცირებს ასეთ შემთხვევებს.

2012-2017 წლებში შობადობის 30-35% [25 ათასი] ადრეულ ქორწინებებზე მოდის.

აზერბაიჯანის რომელ რეგიონებში დგას ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა და რა არის სკოლების გაცდენის ძირითადი მიზეზი იქ?

ეს განსაკუთრებით არანის რეგიონის რაიონებშია აქტუალური. არასრულწლოვანი გოგონები საფერმო მეურნეობებში, ყანაში მუშაობენ, ან კრეფენ ბამბას, ყურძენს. ამ რეგიონებში სწორედ ამ მიზეზების გამოა გოგონების განათლება განსაკუთრებით პრობლემური.

სახელმწიფო საგამოცდო ცენტრის ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს, რომ გოგონები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ რეგიონებიდან, ბევრად ნაკლები არიან, ვიდრე მათი თანატოლი ბიჭები.

ყოველწლიურად, როდესაც უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა ჩარიცხვებზე სტატისტიკურ-სამეცნიერო ანალიზს ვაკეთებთ, ნათლად ვხედავთ ამ სურათს.

თუ გოგონების რიცხვი მე-9 კლასში ნორმალურ მაჩვენებელზეა, უკვე მე-11 კლასში მათი რაოდენობა მკვეთრად ეცემა.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძირითადად მიზეზებზე, რატომაც აცდენენ ან ირიცხებიან გოგონები სკოლიდან. როგორია თავად ამ მიზეზების ტენდენციები, დინამიკა?

სამწუხაროდ, ციფრები აჩვენებს, რომ სიტუაცია არ უმჯობესდება. იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობა, სისხლის სამართლის კოდექსი თუნდაც ადრეულ ქორწინებებზე სერიოზულ პასუხისმგებლობას და სასჯელს აკისრებს, ამ დრომდე აღსრულება არ მომხდარა.

ყველაზე დიდი დამნაშავეები მშობლები არიან, რომლებიც, ბავშვების სამოქალაქო საკონსტიტიტუციო უფლებას არღვევენ და განათლების უფლებას ართმევენ შვილებს.

იმის მიუხედავად, რომ როგორც ადმინისტრაციული კანონდარღვევა, ასევე სისხლის სამართლის კოდექსიც ითვალისწინებს გარკვეულ შემთხვევაში მშობლის უფლების ჩარმოთმევას, სამართალდამცველი ორგანოები სიჩუმეს ამჯობინებენ ამ მხრივაც.

ვისაუბროთ აზერბაიჯანის ზოგადი განათლების სისტემაზეც, სად არის დღეს აზერბაიჯანი? რამდენად ეყრდნობა განათლების სისტემა საერთაშორისო გამოცდილებას?

უნდა აღინიშნოს, რომ “აზერბაიჯანი 2020: მომავლის ხედვა” კონცეფციის ფარგლებში იქმნება სტიმულირების მექანიზმები ქვეყანაში განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. მომავალ წლებში 12-წლიან ზოგად საგანმანათლებლო სისტემაზე გადავალთ, შესაბამისად, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, სასკოლო სახელმძღვანელოებიც განახლდება.

მომავალ წლებში განათლების სისტემაში შეიქმნება მონიტორინგისა და შეფასების თანამედროვე სისტემაც. ინფრასტრუქტურა არსებითად უნდა განახლდეს და ტექნიკური განათლების მიღების კუთხით სტუდენტთა რაოდენობა უნდა გაიზრდოს და ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდეს.

განათლების ხელშემწყობი სტანდარტები უმაღლეს სასწავლებლებისთვისაც უნდა შემუშავდეს, სადაც სპეციალისტების მომზადების პროცესში სერიოზული ხარვეზები არსებობს.  სტრატეგიის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მასწავლებლების მომზადებას, მასწავლებლის კარიერისა და სტიმულირების თანამედროვე მექანიზმების შექმნას. საბოლოო შედეგებით გათვალისწინებით შრომის ანაზღაურების დიფერენცირებული სისტემაც უნდა შემოვიდეს. ასევე, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტების პოტენციალის გამოყენება. 

იგეგმება სკოლამდელი ბავშვების ელექტრონული რეგისტრაცია პირველ კლასში და სტუდენტების მობილობა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია მსოფლიო განათლებასთან ინტეგრაციაში.

2018 წელს 2090-მა აბიტურიენტმა პედაგოგის სპეციალობა აირჩია. ბოლო ხუთ წელიწადში სისტემას 20 000 ახალგაზრდა მასწავლებელი შეუერთდა.

და როგორია უკვე დღეს არსებული სიტუაცია?

დღეს კონკრეტული მიზეზები არსებობს, რის გამოც აზერბაიჯანელი მოსწავლეების ცოდნის დონე ძალიან დაბალია. პირველი მიზეზი ისაა, რომ საგანმანათლებლო პროგრამა სკოლებში ძალიან რთულია, მეორე- სასკოლო სახელმძღვანელოები, შეიძლება ითქვას, საშინელ დღეშია, მესამე –  მასწავლებლების პროფესიონალიზმი დაბალია, მეოთხე- პრობლემები საგანმანათლებლო გარემოში და მართვაში.

უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ჩარიცხვა დღეს მხოლოდ რეპეტიტორიების დახმარებით ან საკუთარი შესაძლებლობებით შეიძლება. სკოლა და პროგრამა, რომელსაც მოსწავლეები გადიან, ვერ აძლევს ბავშვებს გამოცდისთვის საჭირო ცოდნას. საგამოცდო პროგრამები სახელმწიფო საგამოცდო ცენტრის პროგრამებსა და მასალებს უფუძნება. სკოლის სასწავლო პროგრამა კი- განათლების სამინისტროს პროგრამებს. მათ შორის დიდი სხვაობაა. ამიტომაც არის უფროს კლასებში გაცდენების დიდი მაჩვენებელი, მოსწავლეებს ურჩევნიათ მისაღები გამოცდებისთვის ცალკე მოემზადონ. მშობლებიც ხელს უწყობენ, რომ შვილები არა სკოლაში, არამედ რეპეტიტორებთან დადიოდნენ.

აზერბაიჯანელი აბიტურიენტები მსოფლიოში ერთადერთი არიან, ვინც იძულებული არიან არასასურველი განათლება მიიღონ. თუკი დღეს აბიტურიენტების დიდ ნაწილს ჰკითხავთ, რა პროფესიას აირჩევდა, გიპასუხებთ, რომ ისურვებდა პირველ, მეორე ან მესამე ჯგუფში ჩარიცხვას. პროფესიას კი ვერ დაგისახელებთ.  ყველაფერს დაგროვებული ქულები წყვეტს, თუ ქულები არ გყოფნის სასურველ ფაკულტეტზე მოსახვედრად, მასწავლებლობა შეგიძლია. ყველაზე დაბალქულიანები დაწყებითი კლასების მასწავლებლები არიან. ვფიქრობ, მისაღები გამოცდები სპეციალობების მიხედვით უნდა იყოს განსაზღვრული და არა ჯგუფების.

სკოლის განათლებიდან კვალიფიკაციის არჩევამდე ყველგან ბევრი ხარვეზია, რაც თავის მხრივ, არაპროფესიონალების ჩამოყალიბებებას ხელს უწყობს.

ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ პროცესი არასწორად მიმდინარეობს. განათლებაში ბევრი ხარვეზია, რომლის გამოსწორებს დიდი დრო სჭირდება. მანამდე განათლების დონის გაუმჯობესებაზე საუბარიც არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი