ახალი ამბებიეკონომიკა

რამდენჯერ შემოუვლიდნენ დედამიწას TOYOTA LANDCRUISER-ებით გუბერნატორები – კვლევა

4 ივნისი, 2019 • 4716
რამდენჯერ შემოუვლიდნენ დედამიწას TOYOTA LANDCRUISER-ებით გუბერნატორები – კვლევა

IDFI-ის კვლევით, საქართველოს 9 გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია.

კვლევის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით გავლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დაახლოებით სამჯერ შემოუარეს დედამიწას.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებულ კვლევაში მოცემულია გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება/შენახვის პრაქტიკის და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ანალიზი.

 

სრული დოკუმენტი - დააკლიკეთ

 

IDFI-მ 2018 წლის მიწურულს და 2019 წლის აპრილში ყველა (9) გუბერნატორის ადმინისტრაციას მიმართა მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების და 2017-2018 წლებში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.

IDFI-მ გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომობილების განკარგვასთან (უსასყიდლოდ გადაცემა, თხოვება და ა.შ.) დაკავშირებით ასევე ინფორმაცია მოითხოვა ცალკეული მუნიციპალიტეტებიდან.

ძირითადი მიგნებები:

  • 9 გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 78 ავტომობილი, რომელთა 49% არის მაღალი გამავლობის, ხოლო 46% არის განპიროვნებული კონკრეტულ თანამდებობის პირზე ან თანამშრომელზე;
  • ყველა სახელმწიფო გუბერნატორზე განპიროვნებულია TOYOTA LANDCRUISER-ის მოდელის ავტომობილი, რომელთა უმრავლესობა გუბერნატორის ადმინისტრაციებისათვის უსასყიდლოდ არის გადაცემული;
  • გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის 73% არ ყოფილა შეძენილი მათი ბიუჯეტის ფარგლებში და ისინი უსასყიდლოთ გადმოცემული იქნა სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ;
  • 2015 წლის 21 აგვისტოს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ რუსთავის მერს მიმართა თხოვნით, გადაეცათ ის ავტომობილი, რომელიც იმავე დღეს 71,373 ლარად იყო შესყიდული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან;
  • 2017-2018 წლებში გუბერნატორების მიერ საწვავის ყოველთვიურ მოხმარებაზე დაწესებული ლიმიტები 700-დან 1,500 ლიტრამდე მერყეობდა;
  • 2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ სულ დახარჯულია 132,208 ლიტრი საწვავი;
  • 2018 წელს გურიის გუბერნატორების საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები არ არის შესაბამისობაში მათ მიერვე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ ნორმასთან;
  • 2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ დაფარულია 750 000 კილომეტრი. თითოეული მათგანი 2017 წელს საშუალოდ 52,5 ათას კილომეტრს ფარავდა, ხოლო 2018 წელს – 54,7 ათას კილომეტრს;
  • 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ყოველდღიურად, არასამუშაო დღეების ჩათვლით, 150 კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო მხოლოდ სამუშაო დღეების დაანგარიშებით – 215 კილომეტრს;
  • 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილების 100 კმ-ზე საშუალო წვის მაჩვენებელი 15 ლიტრიდან 19.83 ლიტრამდე მერყეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი