ახალი ამბები

სააპელაციო: დავით სარალიძე გ.ჯ-მ დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა

3 ივნისი, 2019 • 3017
სააპელაციო: დავით სარალიძე გ.ჯ-მ დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა

სააპელაციო სასამართლომმ ნაწილობრივ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და დაადგინა, რომ გ.ჯ-მ, რომელსაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით მსჯავრი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში დაედო, არასრულწლოვანი ჯგუფურად, დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა.

მას სააპელაციო სასამართლომ სასჯელის სახით 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება მეორე მოკლულს, ლევან დადუნაშვილს, მის მკვლელობაში ბრალდებულ გ.ბ-ს სააპელაციომ ბრალის კვალიფიკაცია უცვლელად დაუტოვა, თუმცა გაუზარდა სასჯელის ოდენობა და 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გ.ბ-ს  ბრალად წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობა დაუმტკიცდა და სასჯელის სახით სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 6 თვის ვადით.

რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გ.ჯ-ს ბრალი მკვლელობის მცდელობიდან ჯგუფურ მკვლელობაზე გადააკვალიფიცირა. გ.ჯ-ს სასჯელის ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით.

შესაბამისად, უცნობი დარჩა, გ.ჯ-ს გარდა კიდევ ვინ მონაწილეობდა სარალიძის მკვლელობაში. პროკურატურის მიხედვით, სარალიძის მკვლელობის მეორე ფიგურანტი გ.ბ. იყო, თუმცა სასამართლომ ეს ვერსია არ გაიზიარა.

სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, მეორე დამნაშავის დადგენა გამოძიების პრეროგრატივაა.

ამავე თემაზე

“ბრძოლა გრძელდება” – სარალიძე სააპელაციოს განაჩენის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი