ახალი ამბები

“ამომრჩეველმა მაიძულა დარჩენა” – ნანა კოსტავა საკრებულოს აღარ ტოვებს

3 ივნისი, 2019 • 1929
“ამომრჩეველმა მაიძულა დარჩენა” – ნანა კოსტავა საკრებულოს აღარ ტოვებს

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა, რომელმაც ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის დის შესახებ პოსტი დაწერა, დეპუტატის მანდატის დატოვებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ნანა კოსტავამ კვლავ ტელეიმედს განუცხადა სატელეფონო საუბრისას, რომელსაც პარასკევს უთხრა, რომ ორშაბათს საკრებულოს დატოვებდა.

მანამდე მან დატოვა საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარის პოსტი, თუმცა ფრაქციასა და უმრავლესობაში დარჩა.

დეპუტატი ამბობს, რომ მართალია, ძალიან ცუდად გამოუვიდა დაღუპული მოზარდის დაზე ნიშნის მოგებით პოსტის გამოქვეყნება, მაგრამ ამ ორი დღის განმავლობაში მისმა ამომრჩეველმა აიძულა, დარჩენილიყო საკრებულოში.

არავითარი ხელფასი, არავითარი სკამი, არავითარი არაფერი არ მიღირს იმად, რომ საზოგადოება ეს ორი დღე ვანერვიულე. იმდენი პრობლემა აქვს საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომ ვიღაცა ნანა კოსტავასთვის რატომ გავანერვიულე… ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა. მე მგონი, დავრჩები საკრებულოში და არ დავტოვებ. ყველა მეუბნება, რომ შეცდომა ვის არ დაუშვია, გოგო, რას შვრები, არ მიგვატოვო, შენი მართალი სიტყვა გაგვაგონე”, – აცხადებს ნანა კოსტავა.

ნეტგაზეთმა ნანა კოსტავასთან არაერთხელ სცადა სატელეფონო კომენტარის ჩაწერა, თუმცა დეპუტატი არ გვპასუხობს, ან იღებს ტელეფონს და რამდენიმე წამში თიშავს.

ქუთაისის მერიასთან 30 მაისს საპროტესტო აქციაც გაიმართა ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლის მოთხოვნით. ნანა კოსტავას მიმართ საზოგადოების პროტესტი სწორედ მის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა.

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ნანა კოსტავამ ეს პოსტი კრიტიკული კომენტარების შემდეგ წაშალა. მან ასევე წაშალა კომენტარი, რომლითაც ბოდიშს იხდიდა პირველი პოსტის გამო.

  • ნანა კოსტავა 2017 წლის თებერვალშიც, მაშინ როცა ტელეწამყვან მაია ასათიანის შვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, ფაქტის შესახებ ნიშნის მოგებით წერდა.

“შვილის დაკარგვა დიდი უბედურებააა… ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად”, – 2017 წლის თებერვალში საჯაროდ დაწერა ნანა კოსტავამ ფეისბუქის პირად გვერდზე. კომენტარებში კი აზუსტებს, რომ ნამდვილად მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებაზე წერს.

“დედამისი ძალიან ყვარებია უფალს ასეთი განსაცდელი რომ მოუვლინა….” – ეს უკვე იმავე სტატუსის ქვემოთ ნანა კოსტავას დატოვებული კომენტარია.

ნანა კოსტავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით გუშინ ინტერნეტში პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც ამ დროისთვის 3 000-მდე ხელმომწერი ჰყავს.

ამავე თემაზე

კოსტავას გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი