ახალი ამბები

აშშ-ის ვიზის მსურველებს ამიერიდან სოცმედიის დეტალებსაც მოსთხოვენ | BBC/VOA

2 ივნისი, 2019 • 3325
აშშ-ის ვიზის მსურველებს ამიერიდან სოცმედიის დეტალებსაც მოსთხოვენ | BBC/VOA

სხვადასხვა მედიასაშუალება იუწყება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღების მსურველებს მოუწევთ, ვიზის აპლიკაციის შევსებისას მიუთითონ თავიანთი სოციალური მედიის ანგარიშები, ელექტრონული ფოსტების მისამართები და ტელეფონის ნომრები, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოუყენებიათ.

როგორც BBC წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ რეგულაციების ქვეშ ვიზის თითქმის ყველა მსურველი მოექცევა, გარდა კონკრეტული დიპლომატიური და ოფიციალური ვიზების მსურველი აპლიკანტებისა; ჯამში, სიახლე სავარაუდოდ ყოველწლიურად 14.7 მილიონ ადამიანს შეეხება.

აქამდე, BBC-ის თანახმადვე, ამ ინფორმაციას მხოლოდ იმ აპლიკანტებს სთხოვდნენ, რომლებიც დამატებით შემოწმებას საჭიროებდნენ, მაგალითად, მათ, ვინც მსოფლიოს იმ ნაწილებში იმყოფებოდნენ, რომლებსაც ტერორისტულ დაჯგუფებებად მიჩნეული ორგანიზაციები აკონტროლებენ.

ნებისმიერი, ვინც აპლიკაციის შევსებისას სოციალური ქსელების გამოყენებაზე მოიტყუება, „იმიგრაციასთან დაკავშირებული სერიოზული შედეგები ელის“.

ცვლილების ინიციატივით 2018 წლის მარტში გამოვიდნენ. BBC-ის ცნობით, მაშინ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „ამერიკული სამოქალაქო თავისუფლებათა ერთობამ“, განაცხადა, რომ „არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სოციალური მედიის ასეთი მონიტორინგი ეფექტური ან სამართლიანია“. მათი თქმით, ეს გამოიწვევდა ადამიანების თვითცენზურას ინტერნეტ სივრცეში.

„ამერიკის ხმის“ თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვიზის აპლიკაციების განხილვისას მათი უმაღლესი პრიორიტეტი არის „ეროვნული უსაფრთხოება“: „ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ვიპოვოთ მექანიზმები, რათა განვავითაროთ უსაფრთოხების შემოწმების პროცესი ამერიკელი მოქალაქეების დასაცავად, ამის ფონზე კი მხარს ვუჭერთ კანონიერ მგზავრობას შეერთებულ შტატებში“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი