ახალი ამბები

სტივ ბენონი გააძევეს მონასტრიდან, რომელიც „გლადიატორების სკოლად“ უნდა გადაეკეთებინა

2 ივნისი, 2019 • 1153
სტივ ბენონი გააძევეს მონასტრიდან, რომელიც „გლადიატორების სკოლად“ უნდა გადაეკეთებინა

იტალიის ხელისუფლება დონალდ ტრამპის დროინდელი თეთრი სახლის ყოფილ მთავარ სტრატეგს, სტივს ბენონს შუა საუკუნეების დროინდელი მონასტრიდან აძევებს. ბენონი მონასტერს უკიდურესად მემარჯვენეების საწვრთნელ აკადემიად „გადაკეთებას“ უპირებდა.

იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრო შარშან კონსერვატიულ კათოლიკურ ორგანიზაციას, Dignitatis Humanae Institute-ს (DHI-ს) ნება დართო, ტრიზულტის მონასტერი (Certosa de Trisulti) და მიმდებარე ტერიტორია იჯარით აეღო.

ბენონი DHI-ს მინდობილი პირი იყო და, როგორც გამოცემა Quartz წერს, აპირებდა, ეს ადგილი გადაექცია „გლადიატორების, კულტურული მეომრების, სკოლად“, სადაც სტუდენტები შეისწავლიდნენ ფილოსოფიას, თეოლოგიას, ისტორიასა და ეკონომიკას. ბენონი თვითონაც გეგმავდა აქ სწავლებას.

31 მაისს სამინისტრომ განაცხადა, რომ აუქმებს ბენონთან დადებულ ხელშეკრულებას. როგორც გამოცემა Vox-ი წერს, ჯანლუკა ვაჩამ, სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ვალდებულება იყო, გაეუქმებინა ხელშეკრულება, რადგან მოიჯარემ არ გადაიხადა საკმარისი თანხა, ამასთან, DHI-ს არ ჰქონდა გამოცდილება, როგორ უნდა მოევლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის.

ამას გარდა, გამოცემა Quartz წერს, რომ რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ იჯარის დოკუმენტი გაყალბებული იყო. დოკუმენტზე დანიური ბანკი Jyske-ს ყოფილი თანამშრომლის ხელმოწერა იყო, თუმცა ბანკმა განაცხადა, რომ ეს ადამიანი იქ წლებია არ მუშაობს და დოკუმენტი გაყალბებულია.

ბენონი საპირისპიროს ამბობს და აცხადებს, რომ დოკუმენტი „აბსოლუტურად კანონიერია“: „ეს უბრალოდ მემარცხენეები ამღვრევენ წყალს“. DHI აპირებს, სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

სტივ ბენონი ტრამპის მრჩეველი იყო. იგი ასევე რედაქტორობდა უკიდურესად მემარჯვენე ვებსაიტ „ბრაიტბარტს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი