ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა “წმინდა ნინოს გზის” გავლა ფოკის მონასტრიდან დაიწყო

31 მაისი, 2019 • 2670
სალომე ზურაბიშვილმა “წმინდა ნინოს გზის” გავლა ფოკის მონასტრიდან დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ დაანონსებული “წმინდა ნინოს გზის” გავლა სამცხე-ჯავახეთიდან, ფოკის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან დაიწყო. აღნიშნული მონასტერი ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში მდებარეობს.

სალომე ზურაბიშვილმა “წმინდა ნინოს გზის” გავლის შესახებ 29 მაისს ქუთაისში, ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების მე-11 ფორუმზე ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, ტურისტული პოტენციალისთვის მნიშვნელოვანია პილიგრიმული მარშრუტების განვითარება.

“​ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, პირველ ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ნეტგაზეთი ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცდილობდა გაერკვია, თუ საიდან დაიწყებდა საქართველოს პრეზიდენტი გზის გავლას და სად დაასრულებდა.

სხვადასხვა ისტორიული და რელიგიური წყაროს მიხედვით, წმინდა ნინოს უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება მე-4 საუკუნეში. ამავე წყაროებით, ის იერუსალიმიდან სომხეთის გავლით იმდროინდელი საქართველოს მიმართულებით დაიძრა და პირველად ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან დაბანაკდა, შემდეგ კი გაემართა მცხეთისკენ, სადაც კერპთაყვანისმცემლობა იყო გავრცელებული.

წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო, რომელიც იმ დროს რომის იმპერიას ეკუთვნოდა. ახლა ეს ტერიტორია თურქეთის შემადგენლობაშია.

მთავარ ფოტოზე: სალომე ზურაბიშვილი ფოკაში ანთებს კოცონს. 31 მაისი, 2019.

მასალების გადაბეჭდვის წესი