ახალი ამბები

განვიხილავთ შესაფერის სამართლებრივ ღონისძიებებს – ფოთის პორტი 2 მაისის ბრძანების გაუქმებაზე

31 მაისი, 2019 • 2207
განვიხილავთ შესაფერის სამართლებრივ ღონისძიებებს – ფოთის პორტი 2 მაისის ბრძანების გაუქმებაზე

კომპანია “ეიპიემ ტერმინალს ფოთი” აცხადებს, რომ  ყურადღებით ადევნებს თვალყურს 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებულ მოვლენებს. საუბარია ბრძანებაზე, რომელიც ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ეხება.

“ამჟამად საფუძვლიანად ვაანალიზებთ აღნიშნული ბრძანების გაუქმების გადაწყვეტილებას და განვიხილავთ შესაფერის სამართლებრივ ღონისძიებებს, რომელთაც შესაძლოა მივმართოთ.

ამასთან, გვსურს განვაცხადოთ, რომ ერთგული ვრჩებით საქართველოს ეკონომიკის განვითარების საკითხისადმი და ჩვეულებისამებრ, ვაგრძელებთ შესაბამის ოფიციალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობას, რათა შენარჩუნდეს ფოთისა და მისი ნავსადგურის განვითარების მტკიცე მხარდაჭერა”, – ნათქვამია “”ეიპიემ ტერმინალს ფოთის” 31 მაისის განცხადებაში.

“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის 2 მაისს მიღების შესახებ 29 მაისს განაცხადა. აღნიშნულს დაუყონებლივ მოჰყვა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მწვავე განცხადება. სწორედ ეს კონსორციუმი აშენებს ფოთის სიახლოვეს, ანაკლიაში, საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს. ანაკლიის პორტის მშენებელმა კონსორციუმმა “შოკისმომგვრელად” შეაფასა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გამოცემული ბრძანება და დასძინა, რომ თუ აღნიშნულს არ მოჰყვებოდა “რადიკალური რეაგირება”,  საფრთხე შეექმნებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობას.

30 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიისთვის მიცემული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გააუქმა. ნებართვის მთავრობის უკითხავად გაცემაში კი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე დაადანაშაულა და თანამდებობიდანაც გაათავისუფლა. მთავრობის წევრები ამ დრომდე ირწმუნებიან, რომ მათ არაფერი იცოდნენ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემაზე.

“თუ ამ ფაქტს მთავრობის რეაქცია არ მოჰყვება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება” – კონსორციუმის საგანგებო განცხადება

მასალების გადაბეჭდვის წესი