ახალი ამბები

“საპარტნიორო ფონდის” ბიზნესმოდელი არაეფექტურია – ბახტაძე

31 მაისი, 2019 • 1060
“საპარტნიორო ფონდის” ბიზნესმოდელი არაეფექტურია – ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, “ის ბიზნესმოდელი, რაც აქვს „საპარტნიორო ფონდს“, რა თქმა უნდა, არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს”.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მოდელის შესაცვლელად საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.

“საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელობამ ეს ყველაზე კარგად იცის, რომ ეს მოდელი შესაცვლელია. დიახ, მე ვადასტურებ და ამაში არაფერია გასაკვირი იმიტომ, რომ სხვებისგან განსხვავებით ჩემს განცხადებებს ციფრებზე და ბიზნესმოდელებზე დაყრდნობით ვაკეთებ. დიახ, ის არის არაეფექტური და შესაცვლელი. ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ის მოდელი შეიცვლება, მათ შორის, თქვენთან კონსულტაციის შედეგად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საპარტნიორო ფონდის საქმიანობის არაეფექტურობაზე თავდაპირველად ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა,  გიორგი ქობულიამ ისაუბრა.

“ინვესტიციების მოზიდვისა და სტიმულირების პროგრამები არაეფექტურია და ფრაგმენტირებულია ეკონომიკის სამინისტროს საპარტნიორო ფონდში. მისი სტრატეგია და მუშაობის პრინციპები არ არის ჩამოყალიბებული და შედეგიანობაც საკმაოდ დაბალია”, – განაცხადა ქობულიამ.

საპასუხოდ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გიორგი ქობულია უპასუხისმგებლობაში დაადანაშუალა.

“ბატონი გიორგი [ქობულია] რამდენიმე სხდომას,  [სამეთვალყურეო საბჭოს] რამდენიმე სხდომას დაესწრო და ეს სხდომებიც ძალიან ჩქარობდა და სწრაფად დატოვა. მაგრამ ის პრეტენზიები, მოთხოვნები, რაც ჩვენ გვქონდა, მან მოისმინა. ჩემს  ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მინახავს. პარლამენტში ვიყავი 16 წელი, ბიზნესში გავიარე წლები,  ოპოზიციაშიც და პოზიციაში ვიყავი, თუმცა მსგავსი უპასუხისმგებლობა მინისტრის პოსტზე მყოფი ადამიანისგან, ფონდთან მიმართებაში ვამბობ [არ მინახავს] ,”-აცხადებს საგანელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი