ახალი ამბები

რატომ არ არიან რუსეთის მოქალაქეები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში? – კაპანაძე VS ბახტაძე

31 მაისი, 2019 • 1410
რატომ არ არიან რუსეთის მოქალაქეები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში? – კაპანაძე VS ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განმარტავს, რატომ არ არიან “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” შეყვანილი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

“ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ ჰკითხა, ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რუსეთის ფედერაციის რამდენი მოქალაქე შეიყვანეს და თუ არ შეუყვანიათ, რატომ?

“სია გაფართოვდება და ყველა ჯალათი მოხვდებაო, თქვენვე ამბობდით, რომ რუსეთის მოქალაქეებიც იქნებიანო… რუსეთის რამდენი მოქალაქეა ამ სიაში ბოლო ერთ წელში? და თუ არ შეგიყვანიათ, რატომ? არ მუშაობს მთავრობა, თუ არ მიგაჩნიათ, რომ შესაყვანები არიან”, – მიმართა კაპანაძემ ბახტაძეს.

“ამ სიაში ჩვენ შეგვიძლია შევიყვანოთ ადამიანები, რომლებიც არიან ბრალდებული ან მსჯავრდებული. ვისი მოქალაქეა, რა მნიშვნელობა აქვს? თუ მას აქვს სასტიკი დანაშაული ჩადენილი ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ის უნდა იყოს შესული [სიაში]. ამიტომ მოქალაქეობას თავი დავანებოთ – ყველა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ეს აქვს გაკეთებული, უნდა შევიდეს. სტანდარტი მსჯავრდებულის ან ბრალდებულის უნდა იყოს ძალიან მაღალი. რატომ, რისთვის გვინდა, რომ გული მოვიფხანოთ პოლიტიკურად და რეალურად მერე იმპლემენტაციის საშუალება არ მივცეთ ჩვენს მეგობრებს? ჩვენ ხომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა გვჭირდება იმისთვის, რომ მოხდეს ამის რეალურ ცხოვრებაში გატარება?”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში არის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მოხდება ამ სიის გაფართოება.

“თუ გულის მოფხანა გვინდა, უბრალოდ, ჩავწეროთ და მერე არაფერი მოხდეს, ეს საქმეს არ მოიტანს. ჩვენ გვინდა კონკრეტული შედეგისთვის”, – დასძინა ბახტაძემ.


როგორც იცით, 21 მარტს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც არის მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი და განსაზღვრულია ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია. ამ სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულობებში, როგორიც არის მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულებების დაფარვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი