ახალი ამბები

უკრაინამ საქართველოს მიერ ძებნილი შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დააკავა

31 მაისი, 2019 • 2579
უკრაინამ საქართველოს მიერ ძებნილი შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დააკავა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მოწოდებული ცნობის თანახმად, უკრაინის კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკავებულია საქართველოში ძებნილი გიორგი სამუშია.

პროკურატურის ცნობით, სამუშიას ბრალი ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი არიან დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა.

“2012 წლის 28 ივლისს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელმა გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების, დავით ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას და რომან შამათავას დავალებით, ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ელბერდ კობერიძეს, ხელბორკილებით და სახეზე ნიღაბჩამოცმული გადაიყვანა თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ზემოთ ხსენებული ყოფილი
მაღალჩინოსნების მიერ ერთობლივი განზრახვით დაგეგმილი იყო წამების გზით კობერიძისგან
ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებითი ჩვენების მიღება. ამ მოთხოვნით, დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ, სამხედრო პოლიციის შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და ცემეს ელბერდ კობერიძე. წამების დროს არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი. ელბერდ კობერიძე იმდენად სასტიკად აწამეს, რომ მან გონება დაკარგა და უმწეო მდგომარეობაში, სასტიკად ნაწამები იმყოფებოდა 10 დღის განმავლობაში. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე რიგითი თანამშრომლების თხოვნით, რის შემდეგაც ელბერდ კობერიძე გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აღნიშნულ საქმეზე გიორგი სამუშიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2015 წლის 11 დეკემბერს და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა, თუმცა საპატიმრო 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე სასამართლომ სამუშიას შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება, შეუფარდა გირაო და დამატებითი ღონისძიების სახედ განესაზღვრა პასპორტის ჩამორთმევა.

პროკურატურა აცხადებს, რომ სამუშიამ მოტყუებით, თითქოსდა დაკარგა პასპორტი, საჯარო რეესტრში მოითხოვა ახალი პასპორტის დამზადება, რომლის გამოყენებითაც დატოვა საქართველოს ტერიტორია. სწორედ ამიტომ გამოცხადდა მის მიმართ საერთაშორისო ძებნა.

სამუშიასთან ერთად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და წამებაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი