ახალი ამბები

ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარე აღარ არის

31 მაისი, 2019 • 1690
ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარე აღარ არის

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საკრებულო ავრცელებს.

“ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს (31.05.2019) გამართულ სხდომაზე მიიღეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ფრაქციას დღეიდან უხელმძღვანელებს ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი.

ნანა კოსტავა საკრებულოს წევრად რჩება. ის კვალვაც არის მმართველი პარტიის ფრაქციის წევრი.

ქუთაისის საკრებულოსთან 30 მაისს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქუთაისის საკრებულოდან ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის, ნანა კოსტავას მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვებას ითხოვდნენ.

პროტესტი მოჰყვა კოსტავას მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს. “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

სალომე ბარკერის დის შესახებ გამოქვეყნებული პოსტი ნანა კოსტავამ ფეისბუკიდან წაშალა. მან ასევე წაშალა კომენტარი, რომლითაც ბოდიშს იხდიდა პირველი პოსტის გამო.

ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლის პეტიციას 1800-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი