ახალი ამბები

“ვიმსჯელებთ, როგორ ვუპასუხოთ” – საკრებულოს თავმჯდომარე ნანა კოსტავას პოსტზე

30 მაისი, 2019 • 1188
“ვიმსჯელებთ, როგორ ვუპასუხოთ” – საკრებულოს თავმჯდომარე ნანა კოსტავას პოსტზე

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია საკრებულოს  ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის მიერ ფეისბუკზე გავრცელებულ პოსტს ემიჯნება და აცხადებს, რომ გუნდში იმსჯელებენ, როგორ და რა ფორმით გასცენ პასუხი ნანა კოსტავას განცხადებას:

“მინდა დავიწყო იმით, რომ ვიზიარებ იმ დიდ ტკივილს, ნამდვილად დიდი ტრაგედია მოხდა, ბავშვი დაიღუპა. რა თქმა უნდა, ვემიჯნები იმ განცხადებას. ვისმჯელებთ ამაზე გუნდში, გვექნება მსჯელობა, თუ რა ფორმით და როგორ გაეცეს ამას პასუხი. გავეცანი მის ამ სტატუსს ფეისბუკზე და ამასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია გვაქვს.

უახლოეს დღეებში, საათებში ექნება საზოგადოებას ამ ყველაფერზე პასუხი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის [ნანა კოსტავა] ძალიან წუხს, ბოდიშს იხდის. ბოდიშს უხდის ოჯახს და თავისებური ახსნა აქვს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია გარდაცვლილ ბავშვზე”, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

ქუთაისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ქუთაისის საკრებულოდან ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის, ნანა კოსტავას მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვებას  ითხოვენ.

პროტესტი კოსტავას მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა. “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

სალომე ბარკერის დის შესახებ გამოქვეყნებული პოსტი ნანა კოსტავამ ფეისბუკიდან წაშალა. მან ასევე წაშალა კომენტარი, რომლითაც ბოდიშს იხდიდა პირველი პოსტის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი