ახალი ამბები

ავტოავარიის საქმეში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნეს

30 მაისი, 2019 • 4399
ავტოავარიის საქმეში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება დღეს, 30 მაისს გამოცხადდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის მამა არ ეთანხმება.

მოსამართლის გადაწყვეტილებით კვირიკაშვილს 15-ათასლარიანი გირაოც გაუუქმდა, ხოლო სახლზე ყადაღა მოიხსნა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელზეც პროცესი გაიმართა, 2016 21 ივლისს, მოხდა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხმა მრავლობითი ტრავმა მიიღო. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის მანქანაში იმყოფებოდნენ მისი ცოლი – ანი ბუაძე (ის ადგილზე დაიღუპა), რაგბის კლუბ “ლელოს” მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი ცოლი.

შემხვედრ მანქანაში ავარიის შედეგად გარდაიცვალნენ 26 წლის გიორგი პაპასკირი და მისი ცოლი ნუცა კალანდარია, ასევე, მათი მეგობარი ნუცა ჩხაიძე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმეში ასევე არსებობდა ექსპერტის დასვკნა, რომელიც ამბობს, რომ მერაბ კვირიკაშვილს არ შეეძლო ავარიის თავიდან აცილება. კვლევას დაზარალებული მხარე არ ენდობა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის ოჯახი. დაღუპულის მამა, მალხაზ პაპასკირი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ საქმე შემდგომ ინსტანციაში უნდა გაასაჩივროს:

“ეს ჩემი შვილის პრობლემას გასცდა, ეს ქვეყნის პრობლემაა. მე არ ვამბობ, რომ მკვლელობაა ჩადენილი, როდესაც დაუდევრობით იღუპება ადამიანი და ამაზე ელემენტარული პასუხისმგებლობა არ არის, საშიში და ცუდი სიტუაციაა.

პროკურატურამ უნდა გაასაჩივროს. ეს ვალდებულებაცაა და საზოგადოების წინაშე მოვალეობაც” – ამბობს გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის მამა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ამავე თემაზე

პროკურატურა მერაბ კვირიკაშვილის გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს

მასალების გადაბეჭდვის წესი