ახალი ამბებისამართალი

გარიგებულ მატჩებში ბრალდებული ფეხბურთელის ბოდიში და განმარტებები

30 მაისი, 2019 • 1299
გარიგებულ მატჩებში ბრალდებული ფეხბურთელის ბოდიში და განმარტებები

გარიგებული მატჩების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული ფეხბურთელი, გიორგი გეთიაშვილი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა წინასწარი პატიმრობიდან, საზოგადოებას ბოდიშს უხდის და განმარტებებს ავრცელებს.

გიორგი გეთიაშვილის თქმით, გარიგებულ მატჩში მონაწილეობას ფინანსური პრობლემების გამო დათანხმდა, თუმცა შეთანხმებული შედეგით ვერ დასრულდა შეხვედრა, რის შემდეგაც მის ფინანსურ პრობლემებს “თამაშის ვერ გაკეთების ვალიც” დაემატა და იძულებული გახდა გუნდელებისთვის ეთხოვა დახმარება.

“თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩემი კლუბის წევრებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს და ჩემს ახლობლებს. არასდროს მდომებია და, შესაბამისად, ჩემი სპორტული შესაძლებლობები არ გამომიყენებია არაკანონიერი ან არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის.

2019 წლის აპრილის დასაწყისში ერთ-ერთი ბრალდებულის მხრიდან მოხდა ჩემთან დაკონტაქტება მატჩის ,,ჩაწყობის“ მიზნით. შემოთავაზებაზე, რა თქმა უნდა, განვაცხადე კატეგორიული უარი. თუმცა ბოლოს, პირადი ფინანსური პრობლემების გამო, რომელსაც ემატებოდა კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანება, – იძულებული გავხდი დავთანხმებულიყავი შემოთავაზებას და ჩავრთულიყავი ,,სქემაში“, რომელსაც ვაცნობიერებ, რომ არ აქვს არანაირი გამართლება. აღნიშნული შეთანხმება ვერ განხორციელდა, რადგან მხოლოდ ჩემი დაყოლიება ორგანიზატორის მხრიდან არ აღმოჩნდა საკმარისი.

პირველი ეპიზოდის შეთანხმებულისაგან განსხვავებული და არასასურველი შედეგით დასრულების შემდეგ ჩემს პირად ფინანსურ პრობლემებს დაემატა „თამაშის ვერ გაკეთების ვალიც“, რისთვისაც იძულებული გამხადეს მიმემართა გუნდელებისათვის და სწორედ ამ „ვალის“ განულების მიზნით მეთხოვა დახმარება. შესაბამისად, ,,სქემაში“ მოხდა კიდევ ოთხი ფეხბურთელის ჩართვა. აქვე მინდა გულის წყვეტა გამოვთქვა ოთხივე მათგანის, განსაკუთრებით კი, პ. ღუდუშაურის და ნ. კიკნაველიძის გამო და დავამატო, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ფინანსური ინტერესი”, – აცხადებს გიორგი გეთიაშვილი.

ფეხბურთელი ასევე აცხადებს, რომ ვიტ ჯორჯიას არცერთ ფეხბურთელს გარიგებულ მატჩებზე თანხა არ აუღია.

მისივე თქმით, ვიტ ჯორჯიას და რუსთავის თამაში არ ყოფილა გარიგებული.

გიორგი გეთიაშვილის მტკიცებით, ბათუმის დინამოსა და ვიტ ჯორჯიას თამაშის ჩაწყობის მთავარი მიზანი “ვერ გაკეთებული თამაშის ვალის” განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა იყო.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ბრალდებით 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი 19 მაისს დააკავა.
  • დაკავებუილი 11 პირიდან აღკვეთის ღონისძიების სახით ოთხს წინასწარი პატიმრობა შეეფერდა, ხოლო დანარჩენი შვიდი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
  • მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც სწორედ ოთხი ბრალდებულისთვის ითხოვდა აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას – მათგან სამი ყოფილი, ხოლო ერთი მოქმედი ფეხბურთელია.

სუს-ის განცხადებით, დაკავებულები არიან ორგანიზატორები – ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ ჭიათურას ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიის ფეხბურთელები- რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები- ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

იხილეთ სუს-ის ვიდეო - დააკლიკეთ

როგორც ანტიკორუფციული სააგენტო აცხადებს, 2019 წლის 3 აპრილს ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიის მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ თბილისის მერანსა და საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიას შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

სუს-ის განცხადებით, ანალოგიურად, 2019 წლის 19 მაისს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოსთან შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

 

ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა, ჯამში, მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ვიტ ჯორჯია მკაცრად ემიჯნება მსგავს ფაქტებს, ხოლო მის აღმოსაფხვრელად მჭიდროდ სურს თანამშრომლობა ფეხბურთის ფედერაციასთან და სხვა ორგანოებთან. კლუბი მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოდიშს უხდის ქართული ფეხბურთის მესვეურებს, გულშემატკივრებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს სადისციპლინო კომიტეტთან ერთად, რომ ჩაწყობილი მატჩების ბრალდებით დაკავებულმა სპორტსმენებმა, რომლებსაც 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ფეხბურთი საერთოდ ვეღარ ითამაშონ. კობიაშვილი არც კლუბების დასჯას გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, მანამდეც დაუსვამთ კითხვის ნიშნები ვიტ ჯორჯიას ხელმძღვანელებთან მათი ფეხბურთელების საეჭვო ეპიზოდებზე.

არ დაველოდებით გამოძიებას, ჩვენ თვითონ მივიღებთ უმკაცრეს ზომებს – კობიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი