ახალი ამბები

ფოთში ღრმაწყლოვან პორტზე გაცემული ნებართვა ეკონომიკის სამინისტრომ გააუქმა

30 მაისი, 2019 • 1593
ფოთში ღრმაწყლოვან პორტზე გაცემული ნებართვა ეკონომიკის სამინისტრომ გააუქმა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიისთვის მიცემული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გააუქმა.

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თქმით, კომპანიაზე გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვა არ იყო და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-მა ნებართვა ისე გასცა, რომ ის შეთანხმებული მთავრობასთან არ ყოფილა.

„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას – ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, – აცხადებს ნათია თურნავა.

მისი თქმით, მთავრობის მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ ანაკლიის პორტი წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს.

„გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი – ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე. ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს, დაკონცენტრირდეს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პორტის მშენებლობა დროულად დაიწყოს“, – აცხადებს მინისტრი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეწყვეტის საფრთხის შესახებ ინფორმაცია 29 მაისს, გვიან ღამით გაავრცელა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა”. აღნიშნულს წინ უძღოდა ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა ფოთის პორტში, ანაკლიის სიახლოვეს გასცა. როგორც ანაკლიის მშენებელი კონსორციუმი აცხადებს, მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და ინფორმაცია მედიით გაიგეს.

“თუ ამ ფაქტს მთავრობის რეაქცია არ მოჰყვება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება” – კონსორციუმის საგანგებო განცხადება

მასალების გადაბეჭდვის წესი