ახალი ამბები

ბაქოში ჯაფარიძის და ნადირაშვილის “დაკავების ინფორმაციას” პროკურატურა არ გამოიძიებს

18 ნოემბერი, 2014 • • 2323
ბაქოში ჯაფარიძის და ნადირაშვილის “დაკავების ინფორმაციას” პროკურატურა არ გამოიძიებს

გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურას დეპუტატებმა მიმართეს, თუმცა მათ საგამოძიებო უწყებისგან მიიღეს წერილი, რომელშიც პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი წერს, რომ “ინფორმაციის გავრცელება აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დანაშაულში მხილების შესახებ არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს”.


წერილი, რომელსაც ზურაბ ჯაფარიძე ასაჯაროებს - 18.11.14
წერილი, რომელსაც ზურაბ ჯაფარიძე ასაჯაროებს – 18.11.14


ინფორმაცია ნადირაშვილისა და ჯაფარიძის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში დაკავების შესახებ თავდაპირველად 19 ივნისს სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა, იმავე დღეს საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში თეიმუარაზ შარაშენიძემ დაადასტურა, რომ დეპუტატები აზერბაიჯანში დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში ჰყავდათ გაჩერებული, თუმცა მან ნეტგაზეთს ვერ დაუსახელა აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ოფიციალური პირი, ვისგანაც ეს ცნობა საელჩომ მიიღო. ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დეპუტატებს დიდი ოდენობით ფული გადმოჰქონდათ. აზერბაიჯანის შსს-მ არ დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეები ჯაფარიძე და ნადირაშვილი აეროპორტში იყვნენ დაკავებული.


ნეტგაზეთმა დღეს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს მიმართა კითხვით, რაზე დაყრდნობით განაცხადა პროკურორმა ტყეშელაშვილმა თავის წერილში, რომ საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დანაშაულში მხილების თაობაზე ინფორმაცია აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა გაავრცელეს. პრესსამსახურში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ თუ უწყება პასუხის გაცემას გადაწყვეტს, განცხადებას გაავრცელებს.


ამდენად, განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტებზე და გარემოებებზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს

არჩილ ტყეშელაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი