ახალი ამბები

“თუ ამ ფაქტს მთავრობის რეაქცია არ მოჰყვება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება” – კონსორციუმის საგანგებო განცხადება

30 მაისი, 2019 • 2354
“თუ ამ ფაქტს მთავრობის რეაქცია არ მოჰყვება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება” – კონსორციუმის საგანგებო განცხადება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2 მაისს მთავრობამ ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენების ნებართვა გასცა, კონსორციუმსა და მის პარტნიორებს “დაუმალა”. როგორც კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება”.

“დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ).

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკის მომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება”, – ვკითხულობთ ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში.

“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღების შესახებ 29 მაისს განაცხადა.

“ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა.

ფოთის პორტის განვითარების გეგმა

“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა“, მათივე განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის ნებართვის მისაღებად, მიმდინარე წლის დასაწყისში წარუდგინა ფოთის პორტის გაფართოების კონცეპტუალური გეგმა.

პრესრელიზის მიხედვით, პროექტის დიზაინი მოიცავს ახალი ტალღამჭრელის და სხვადასხვა ტიპის (მშრალი, ნაყარი, კონტეინერიზებული და გენერალური) ტვირთებისთვის 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობის, განვითარებისა და ოპერირების გეგმას. ნავმისადგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება ისეთი თანამედროვე ტექნიკითა და მოწყობილობებით, როგორიცაა გემი – ნაპირის (STS) ტიპის ამწეები.

“პროექტის გეგმაში გათვალისწინებულია 14.5 მეტრის სიღრმის და 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობა, გამოყოფილია 25 ჰექტარი ღია და დახურული სასაწყობე მეორნეობებისთვის და ნაყარი ტვირთების – ხორბლის, მადნის და სხვადასხვა მინერალების ოპერირებისთვის.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება დაახლოებით 250 მუდმივი სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და 900-მდე დასაქმების შესაძლებლობა ახალ პორტთან დაკავშირებულ საწარმოებსა და მომსახურების სფროში. გარდა ამისა, მშენებლობის ეტაპზე დამატებით შეიქმნება დროებითი სამუშაო ადგილები.

ფოთის ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საქართველოში, როგორც სატრანზიტო დერეფანში, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე”, – ნათქვამია პრესრელიზში.

მასალების გადაბეჭდვის წესი