ახალი ამბები

ვინ (არ) დაუჭირა მხარი მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას [სია]

29 მაისი, 2019 • 3007
ვინ (არ) დაუჭირა მხარი მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას [სია]

30 დეპუტატი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნას დაუჭირა მხარი, ოპოზიციონერია. აღნიშნული ინიციატივისთვის მხარი მმართველი პარტიის არცერთ წევრს არ დაუჭერია.

რაც შეეხება კომისიის შექმნის 3 მოწინააღმდეგე დეპუტატს: ყველა მათგანი “ქართული ოცნების” წარმომადგენელია: აკაკი ზოიძე, კახა კუჭავა და სულხან მახათაძე. მმართველი პარტიის წევრთა დიდმა ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, თუმცა დადგენილების პროექტს მხოლოდ პარლამენტის 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, მიზანშეწონილად იქნას მიჩნეული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტს შეისწავლის, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ იყო ინიცირებული.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყფოოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს სუს-ის ვერსია, ამ დრომდე არ დასრულებულა. მას პროკურატურა აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი