ახალი ამბები

ანრი ოხანაშვილი რომ გავიცანი, ევროსაბჭოს და ევროკავშირს ვერ არჩევდა ერთმანეთისგან – ბესელია

29 მაისი, 2019 • 1465
ანრი ოხანაშვილი რომ გავიცანი, ევროსაბჭოს და ევროკავშირს ვერ არჩევდა ერთმანეთისგან – ბესელია

დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არაკომპეტენტურობასა და კომიტეტის სტანდარტების დაწევაში დაადანაშაულა.

ეკა ბესელიასა და ანრი ოხანაშვილს შორის მორიგი უთანხმოების საბაბი გახდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების პროექტი, რომელსაც პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს. პარლამენტის წევრების – ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის – ინიციატივის მიხედვით, განისაზღვრება შესაბამისი გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატაში.

საქმე ეხება გადაწყვეტილებებს, რომლებსაც დღეს არსებული რეგულაცია ითვალისწინებს, რომ რაიონის (ქალაქის) სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. ანრი ოხანაშვილი აღნიშნული გადაწყვეტილებების დიფერენეცირების მომხრეა და თქვა, რომ მმართველი გუნდი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს და საკუთარ პროექტს შეიმუშავებს.

“სასამართლოს რომ შეეხება საქმე, უცებ ანერვიულდებით ხოლმე რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ძალიან ანგარიშვალდებული ხართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასამართლოს წინაშე. იმდენად ანგარიშვალდებული, რომ ფიანდაზად ეგებით, იმდენად ანგარიშვალდებული, რომ გავიწყდებათ, უწყინარი საკითხებიც არსებობს. ძალიან მარტივია – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლება და ეს წერია კონვენციაში.

მე მესმის, რომ ანრი ოხანაშვილს ეს არ ესმის. რომ გავიცანი, ევროსაბჭოს და ევროკავშირს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა და პირველი, რითიც დამამახსოვრა თავი, ნახევარი საათი ვუხსნიდი, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება არის სავალდებულო. იურისტმა რომ არ იცის, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები რა არის, გასაგებია, რომ არ ესმის ისეთი უფრო სიღრმისეული საკითხები, როგორიცაა გასაჩივრების და დასაშვებობის ეტაპები”, – განაცხადა ბესელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი