ახალი ამბები

სახალხო დამცველი მსჯავრდებულთა ცემის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

18 ნოემბერი, 2014 • • 879
სახალხო დამცველი მსჯავრდებულთა ცემის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, 7 ნოემბერს მისმა რწმუნებულებმა ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულეს მსჯავრდებულები გ.ს, გ.ს და ნ.თ, რომელთა განცხადებით, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, მათი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ტრანსპორტირების დროს, ბადრაგის თანამშრომლები პროვოკაციულად იქცეოდნენ. სასამართლოში მიყვანის შემდგომ კი სამივე მსჯავრდებული დროებითი მოთავსების იზოლატორის სხვადასხვა საკანში მოათავსეს, რამაც მსჯავრდებულთა პროტესტი გამოიწვია.

 

“პროტესტს ერთ–ერთი ბადრაგთან სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა, რაც ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა. გაბრაზებული ბადრაგი გავიდა რამდენიმე წუთით და გ.ს-ს საკანთან იარაღით დაბრუნდა. სამივე მსჯავრდებული ცალსახად აცხადებს, რომ ბადრაგმა გ.ს-ს საკნის კარის სარკმელიდან იარაღი დაუმიზნა და მოკვლით დაემუქრა.


სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ იზოლატორის შენობაში საბადრაგო სამმართველოს ოცამდე თანამშრომელმა სამივე მსჯავრდებული სასამართლოს შენობაში ცემეს. შემდეგ ისინი კვლავ ქუთაისის #2 დაწესებულებაში დააბრუნეს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 


ომბუდსმენის ცნობით, მსჯავრდებულებს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრის დროს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაზიანებების არსებობას ადასტურებს ასევე დაწესებულების ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტრავმების აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერები და 4 ნოემბერს სად-ის #2 დაწესებულების მორიგე ექიმის მიერ შედგენილი შემოსულ მსჯავრდებულთა გარეგნული დათვალიერების აქტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი