ახალი ამბები

ჭიათურაში გაფიცვა შეწყდა, კომპანია მაღაროელებს ხელფასის მომატებას დაჰპირდა

27 მაისი, 2019 • 1584
ჭიათურაში გაფიცვა შეწყდა, კომპანია მაღაროელებს ხელფასის მომატებას დაჰპირდა

ჭიათურაში მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს. კომპანიასა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა და “ჯორჯიან მანგანეზმა” ხელფასების გაზრდის დაპირება გასცა, თუმცა არა იმ დოზით, რომელსაც გაფიცულები გასულ დღეებში ითხოვდნენ.

როგორც”ნეტგაზეთს” ჭიათურელი მაღაროელების პროფკავშირების წარმომადგენელმა პაატა სამხარაძემ განუცხადა, კომპანიამ გაფიცულებს პირობა მისცა, რომ პირველი ივნისიდან მათი ხელფასები 25%-ით გაიზრდება, 1 წლის შემდეგ კი- 10%-ით.

თავად პროფკავშირი შრომით დავაში არ მონაწილეობდა.

მანამდე, ქალაქში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა.

“ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია”, – აცხადებენ კომპანიაში.

კითხვაზე, თუ რა ნაწილში იზიარებს ის პასუხისმგებლობას და იყო თუ არა მისი კომპეტენცია ხელფასების მომატება დასაქმებულებისთვის, რაც მაღაროელთა მთავარი მოთხოვნაა, ჯორჯიან მანგანეზში ამბობენ, რომ დამატებითი დეტალების შესახებ მოგვიანებით ისაუბრებენ.

ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო-გამამდიდრებელი კომბინანტის 3 200-მდე თანამშრომელი 11 დღის მანძილზე იყო გაფიცული. ისინი ხელფასის საწყის ეტაპზე 30 პროცენტით, წლის ბოლომდე კი დამატებით 20 პროცენტით გაზრდას ითხოვდნენ. გაფიცულების ნაწილი შიმშილობდა.

მაღაროელთა პროტესტს სხვა მოქალაქეებიც უცხადებდნენ სოლიდრობას, რომელთაც 27 მაისს ქალაქში მასშტაბური მსვლელობა მოაწყვეს. ქუჩაში გამოსულთა შორის  სკოლის მოსწავლეებიც  იყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი