ახალი ამბებიკომენტარი

გიორგი რუხაძე: ევროსკეპტიკოსებს დღის წესრიგზე გავლენა ექნებათ, გადაწყვეტილებებზე – არა

27 მაისი, 2019 • 3207
გიორგი რუხაძე: ევროსკეპტიკოსებს დღის წესრიგზე გავლენა ექნებათ, გადაწყვეტილებებზე – არა

შეიცვლება თუ არა ევროპის პოლიტიკა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში? ევროპარლამენტის არჩევნების   შედეგად გამოკვეთილ ტენდენციებზე “ნეტგაზეთი” სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელ გიორგი  რუხაძეს ესაუბრა.


 – ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები დიდწილად დაემთხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევებს: ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებენ “ევროპის სახალხო პარტია” (EPP) და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D), თუმცა პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში მათ დიდი კოალიციის შესაქმნელად მანდატები არ ჰყოფნით და სავარაუდოდ, ლიბერალ-დემოკრატების ალიანსისა და მწვანეების მხარდაჭერაც დასჭირდებათ. თუმცა სოციალისტების ლიდერს და ევროკომისარ ჰანს ტიმერმანსს სურს, ლიბერალებთან და მწვანეებთან ალიანსი EPP-ის გარეშე და ულტრამემარცხენეების მხარდაჭერით შექმნას. თქვენი პროგნოზით, საბოლოოდ რა ფორმით ჩამოყალიბდება კოალიცია და რომელი პოლიტიკური ჯგუფები განსაზღვრავენ ევროპის პოლიტიკას მომდევნო 5 წლის განმავლობაში?

– ძირითად პარტიებთან დაკავშირებით მოლოდინები გამართლდა, ევროპის სახალხო პარტია და სოციალისტები ამ არჩევნების შედეგად დაახლოებით 20-20%-ით შემცირდნენ ზომაში. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რასაც სოციალოგიური გამოკითხვები აჩვენებდა, იგივე მოხდა ულტრამემარჯვენე ფლანგზე. მე, მაგალითად, ველოდი, რომ უფრო მეტი ხმები წავიდოდა მარჯვნივ. ეს არჩევნები განსაკუთრებით სოციალისტებისთვის იყო კრახი. არ მახსენდება, მათ ასეთი დაბალი მაჩვენებელი ოდესმე ჰქონოდეთ. ეს არის ისტორიული არჩევნები იმიტომ, რომ 1979 წლის შემდეგ საერთოდ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ევროპის სახალხო პარტიასა და სოციალისტებს უმრავლესობა არ მოეპოვებინოთ. თუმცა მცირედით მოიმატა ლიბერალებისა და მწვანეების მხარდაჭერამ და გაჩნდა შანსი, შეიქმნას ჭრელი კოალიცია ევროპის სახალო პარტიის, სოციალისტების, ლიბერალებისა და მწვანეების სახით. ეს საკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები მიიღონ და პოლიტიკის დღის წესრიგიც მათ შექმნან.

რაც შეეხება EPP-ის გარეშე კოალიციის ფორმირების იდეას, ეს არ არის შესაძლებელი იმიტომ, რომ არითმეტიკა არ იძლევა ამის საშუალებას. თეორიულად შეიძლება გადათვალონ და პარლამენტის სრული შემადგენლობის (751 დეპუტატი) ნახევარზე მეტი მოაგროვონ, მაგრამ ერთია თეორიული უმრავლესობა და მეორე – სამუშაო უმრავლესობა. სამუშაო უმრავლესობა რომ გქონდეს პარლამენტში, ამისათვის 50%+1 კი არ გჭირდება, არამედ – ბევრად მეტი. ასე რომ, ასეთი კომფორტული უმრავლესობის შექმნა EPP-ის და მემარჯვენე ფლანგის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია. მეორე საკითხია კიდევ… ვინც ევროპულ პოლიტიკაში ჩახედულია, იცის, რომ კოალიცია ოფიციალურად არ დგება. იმ ტიპის კოალიცია, რომელიც  ეროვნულ დონეზე გვხდება, როცა კოალიცია დგება და შემდეგ მთავრობას აკომპლექტებს, ევროპის პოლიტიკაში ისედაც არ არის.  რეალურად, კოალიცია მუშაობს შემდეგნაირად – დიდი პარტიები საკითხზე თანხმდებიან ან ვერ თანხმდებიან. თუ ისინი ვერ თანხმდებიან გარკვეულ საკითხებზე, მაშინ იმ პარტიის ადგილს, რომელიც ვერ თანხმდება, ავსებს მესამე ან მეოთხე პარტია.  თეორიულად შეიძლება მოხდეს, რომ EPP არ დაეთანხმოს რაღაც საკითხს და სოციალისტებმა, ALDE-მა,  მწვანეებმა და რომელიმე სხვა ჯგუფმა საერთო გამონახონ, მაგრამ ის, რომ კოალიცია შედგეს, მაგალითად, სამ საშაულო ზომის პარტიას შორის და თამაშგარე დატოვონ ყველაზე დიდი პარტია, პრაქტიკაში არ ხდება.

 – რას ნიშნავს ევროპარლამენტისთვის ისეთი ჯგუფების გაძლიერება, როგორიცაა ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) და მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი (Greens/EFA). ამასთან, ამ არჩევნებისთვის ALDE-ს შეუერთდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია…

– ALDE-ს და მწვანეების შედეგების მცირე გაუმჯობესება. ALDE-ს 109 დეპუტატი ძირითადად მაკრონის პარტიის დელეგაციის ხარჯზე მოდის. საბოლოო ჯამში, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, მაკრონი რამდენად დარჩება ALDE-ში თუ თავის ევროპულ ოჯახს შექმნის, როგორც აპირებდა. თუ მაკრონი გავა, ე.ი. ALDE-დან სხვა ვიღაცებიც გავლენ. შესაბამისად, ის ფუნქცია, რაც ALDE-ს დღეს შეიძლება ჰქონდეს – მესამე მსხვილი ძალის ფუნქცია – მარტივად შეიძლება დაკარგოს.

–  როგორ აფასებთ ე.წ. ევროსკეპტიკოსების მიერ მიღებულ შედეგებს (მემარჯვენე, ნაციონალისტური, ანტიევროპული დეპუტატების რაოდენობა ევროპის პარლამენტში დაახლოებით 78-დან 108-მდე გაიზრდება, რასაც დაემატება უფრო ზომიერი ევროსკეპტიკოსების 61 ხმა). თქვენ როგორ უყურებთ ამ შედეგს – მზარდი ტენდენციის კუთხით, თუ პირიქით – როგორც ევროკომისიის გენერალურმა მდივანმა მარტინ სელმაიერმა არჩევნების შემდეგ თქვა, “პოპულისტური ტალღა შეკავებულია”?

 მე ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი, რომ პოპულისტური ტალღა შეკავებულია. გასაგებია, რომ იყო მოლოდინი, რომლის მიხედვითაც, ულტრამემარჯვენე ფლანგი მეტ მხარდაჭერას მოიპოვებდა, მაგრამ გარკვეული დოზით ეს დააბალანსა მწვანეების და ლიბერალების მხარდაჭერის ზრდამ. შედეგად, ის ხმები, რომლებიც EPP-მა და სოციალისტებმა დაკარგეს, სულ მარჯვნივ არ წავიდა – ნაწილი ცენტრში დარჩა. მაგრამ თუ ვინმეს აქვს ყველაზე მეტი ზრდა არითმეტიკულად, ეს არის ულტრამემარჯვენე ფრთა, რომელმაც მოიმატა უფრო მეტი, ვიდრე ლიბერალ-დმეოკრატებმა და მწვანეებმა ერთად. ამის არდანახვა არ იქნება სწორი. უბრალოდ, ლიბერალ-დემოკრატები და მწვანეები ევროპის სახალხო პარტიასთან და სოციალისტებთან შექმნიან კომფორტულ უმრავლესობას, ულტრამემარჯვენე ფლანგი კი სეგმენტირებულია. ჩემი გადასახედიდან, ევროპის სახალხო პარტიის მარჯვნივ 4 ფრაქცია მაინც გაკეთდება, მაგრამ იმის გამო, რომ გაერთიანება გაუჭირდებათ, მათი ხმა უფრო სეგმენტირებული და დაქსაქული იქნება. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკურმა ფლანგმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე გავლენა შეიძლება ვერ მოახდინოს, მაგრამ პოლიტიკის დღის წესრიგზე გავლენის მოხდენას მაინც შეძლებს. უნდა დაველოდოთ ევროკომისიის ფორმირებასაც. ის ტენდენციები, რომლებიც ამ პარლამენტში შეინიშნება, ბუნებრივია, საბჭოზეც გადავა.

– ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მთავარი პრეტენდენტი, ალბათ, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე მანფრედ ვებერი იქნება. რა შეგიძლიათ თქვათ მის პოლიტიკურ ფიგურაზე? 

– ის არ არის პოპულარული პოლიტიკოსი, თუმცა ევროპის პოლიტიკას მოუხდება. აქ ისედაც არ გვყავს, მაგალითად, ანგელა მერკელის ან ემანუელ მაკრონის ტიპის ლიდერები. ევროპულ პოლიტიკას არ სჭირდება ისეთი მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერები, როგორიც სჭირდება ნაციონალურ პოლიტიკას. ასე იყო ყოველთვის, თუ არ ჩავთვლით ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს, რომლებიც ეროვნული ლიდერები იყვნენ. ასე რომ, ჩემი აზრით, დიდი განსხვავება არ იქნებოდა, თუ ვინ იქნებოდა EPP-ის ლიდერი კანდიდატი. 

– ორი მთავარი ჯგუფის – ევროპის სახალხო პარტიისა და სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსის მიერ ხმების დაკარგვას რითი ხსნით?

ტენდენციაა ევროპულ პოლიტიკაში, რომ ტრადიციული პარტიები კარგავენ ხმებს და ეს ხმები მიაქვთ ახალ, პოპულისტურ ან  ანტიისტაბლიშმენტ პარტიებს თუ ახალი ტიპის ქარიზამტულ ლიდერებს. სისტემურ  პარტიებს აქვთ მცირეოდენი კრიზისი. გარდა ამისა, ევროპულ პოლიტიკას არჩევნების განმავლობაში კვებავდა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ტერორიზმი, მიგრაცია და ევროკავშირის რეფორმირების საკითხი. ეკონომიკა, რაც ტრადიციულად  იყო ხოლმე პირველი დონის საკითხი, ამ არჩევნებში არ ფიგურირებდა. შეიძლება იმიტომაც, რომ ჩაიარა ევროს კრიზისმა, საბერძნეთის კრიზისმა და ა.შ… ძირითადი საკითხები დარჩა, რაზეც საზრდოობენ ულტრამემრჯვენე პარტიები. შესაბამისად, ულტრამემარჯვენეებმა ხმები წაართვეს შედარებით მარჯვნივ გადახრილ ევროპის სახალხო პარტიას, მარცხნივ გადახრილმა სოციალისტებმა კი ხმები დაკარგეს ლიბერალების, მწვანეებისა და უფრო მეტად მემარცხენე ძალების სასარგებლოდ.

– რაზე მიუთითებს ევროპის არჩევნების შედეგები ცალკეულ წევრი სახელმწიფოების მიხედვით? და როგორც წესი, რამდენად არის ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები თანხვედრაში ეროვნულ დონეზე არჩევნებთან?

– ევროპარლამენტის არჩევნები მხოლოდ ტენდენციას აჩვენებს და პირდაპირ კავშირში არ არის იმასთან, თუ რა მოხდება ნაციონალურ პოლიტიკაში. საფრანგეთის მაგალითი რომ ავიღოთ, სადაც ლე პენის პარტიამ გაიმარჯვა… ეს არ ნიშნავს, ხვალ რომ ნაციონალური არჩევნები ჩაატარდეს საფრანგეთში, ისევ ლე პენის პარტია გაიმარჯვებს. სხვადასხვა საარჩევნო სისტემები გვაქვს – თუ ევროპარლამენტის არჩვენები ყველა ქვეყანაში პროპორციული სისტემით ტარდება, ნაციონალური არჩვენები სხვადასხვა ქვეყანაში სხვაგვარად ტარდება. პროპორციულ არჩევნებში თუ უგებს ლე პენი მაკრონს, მაჟორიტარულში, ნაციონალურ არჩევნებში მაკრონი მოუგებს. ევროპარლამენტის არჩევნებმა კი უბრალოდ შემდეგი ტენდენცია გამოკვეთა: ულტრამემარჯვენე ფლანგი კვლავაც ძლიერია და იზრდება. ვეტერანი პარტიები მცირდებიან და ახალი იდეებით დატვირთული პარტიები ამით ხეირობენ. ნაციონალურ არჩევნებში როგორ აისახება ეს ტენდენციები, ბევრ სხვა კომპონენტზე იქნება დამოკიდებული.

– დაბოლოს, გაფართოების კუთხით საქართველოსთვის რას ცვლის ეს არჩევნები? ალბათ, არც ახალი პარლამენტისთვის იქნება ეს პრიორიტეტი…

– ბევრად უარესი შედეგი შეიძლება ყოფილიყო ჩვენთვის, ის 20%, რომელიც ALDE-მ და მწვანეებმა დაიმატეს, ულტრამემარჯვეენების მიმართულებით რომ წასულიყო. ამ შემთხვევაში, EPP, სოციალ-დემოკრატები, ALDE და მწვანეები მოახერხებენ ევროკავშირის დაახლოებით იმ მიმართულებით სვლის გაგრძელებას, რა მიმართულებითაც აქამდეც მიდიოდა. ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით გაფართოებაზე ორიენტირებული ისედაც არ იყო, უბრალოდ დასავლეთ ბალკანეთის მიმართ ჰქონდა გეგმები. შესაბამისად, არ ველოდები, რომ საქართველოს მიმართ რამე უფრო პოზიტიური შედგები დადგება ან ტენდენციები გაჩნდება. მე უფრო უარეს პარლამენტს ველოდები, ვიდრე წინა იყო საქართველოსთვის. ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკური ფლანგი დღის წესრიგზე იმოქმედებს, შესაბამისად, გაფართოებისკენ უფრო ნელი ტემპს ვიხილავთ ტრადიციული პარტიების მხრიდანაც კი. ჩემი აზრით, საქართველოსთვის უკეთესია, როდესაც ევროკავშირი ფიქრობს არა სამეზობლო პოლიტიკაზე, არამედ მეზობლების პოტენციურ წევრებად გადაქცევაზე, რაზეც ეს პარლამენტი არ იფიქრებს.

ამავე თემაზე:

ევროპარლამენტის 2/3 პროევროპული პარტიებით დაკომპლექტდება

მასალების გადაბეჭდვის წესი