ახალი ამბები

NGO-ები მთავრობას მოუწოდებენ, დროულად და ქმედითად გადაჭრას ჭიათურაში შექმნილი კრიზისი

27 მაისი, 2019 • 1790
NGO-ები მთავრობას მოუწოდებენ, დროულად და ქმედითად გადაჭრას ჭიათურაში შექმნილი კრიზისი

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მთავრობას მიმართავენ და მოუწოდებენ, დროულად და ქმედითად გადაჭრას ჭიათურაში შექმნილი კრიზისი.

განცხადების ხელმომწერ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ პროტესტის მასშტაბებმა და რადიკალურმა ფორმებმა, კიდევ ერთხელ, მწვავედ დააყენა ჭიათურაში წლების განმავლობაში გადაუჭრელი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მძიმე შედეგების გააზრებისა და გადაჭრის საჭიროება:

“„ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად ჭიათურაში გარემოსდაცვითი და შრომითი თვალსაზრისით მწვავე პირობებია შექმნილი. კომპანიას ჭიათურისა და საჩხერის ტერიტორიებზე მანგანუმის მოპოვების 40-წლიანი ლიცენზია აქვს. ამ ლიცენზიით მის მფლობელობაშია ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტის 16 430 ჰექტარი ტერიტორია, რასაც ასევე ემატება სხვადასხვა სოფელში შესყიდული მიწის ნაკვეთების ფართობიც.

წარმოების მაღალი მასშტაბებისა და არსებითად სუსტი გარემოსდაცვითი პოლიტიკის გამო, ქალაქში და მიმდებარე სოფლებში კონცენტრირებულია დიდი რაოდენობით საწარმოო ნარჩენი და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები წყალსა და ჰაერში. 2013-2017 წლებში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის არასრული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევებით გარემოსთვის მიყენებული ზიანმა 416 110 418,51 ლარი შედგინა”, – აცხადებენ NGO-ებში.

გარდა გარემოსთვის მიყენებული ზიანისა, რომელიც მწვავედ აისახება ჭიათურაში მაცხოვრებელი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ორგანიზაციებში ასევე აცხადებენ, რომ მძიმეა კომპანიაში წლების განმავლობაში დამკვიდრებული უსამართლო შრომითი პრაქტიკები, რომლებიც სამართლიან ანაზღაურებას, ჯანდაცვას, უსაფრთხოებას და სხვა შრომით პირობებს უკავშირდება:

“2012 წლის 24-დღიანი გაფიცვა საბოლოოდ ხელფასის მხოლოდ 9%-იანი ზრდით დასრულდა, ხოლო შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების დიდი ნაწილი გადაუჭრელი დარჩა. საწარმოოს საქმიანობის შედეგად, ჭიათურაში შექმნილი უმძიმესი შრომითი და ეკოლოგიური პირობების საპასუხოდ, გაფიცული მაღაროელების ძირითადი მოთხოვნები სამართლიანი შრომის ანაზღაურებას, ქალაქის უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას და სამართლიანი სოციალური გარემოს შექმნას უკავშირდება.

კონკრეტულად, გაფიცულთა მოთხოვნებია ხელფასის გაზრდა, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება, მძიმე სატვირთო მანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვა, ასევე, შეთანხმების მიღწევისა და გაფიცვის დასრულების შემთხვევაში, სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთათვის შრომითი გარანტიების შექმნა. ამ დრომდე სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან მხარდამჭერი საჯარო განცხადებების მიუხედავად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები წარმოქმნილი კრიზისის დაძლევის მიმართულებით. უშედეგოდ დასრულდა ასევე 26 მაისს კომპანიის წარმომადგენლებთან გაფიცულების შეხვედრა”, – აცხადებენ ორგანიზაციებში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ დასქმებულთა სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნებს და მოითხოვენ:

  • შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ადგილობრივი უკმაყოფილების, საჭიროებების და ხედვების გათვალისწინებით და ჭიათურაში დასაქმებულთა და მოსახლეობის ჩართულობით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს შექმნილი კრიზისის დაძლევის დემოკრატიული პოლიტიკური ხედვა და გზები;
  • პარლამენტში შეიქმნას თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც სისტემურად გააანალიზებს სამთო-მომპოვებელ ქალაქებში არსებულ სოციალურ, გარემოსდაცვით და შრომით მდგომარეობას, შეიმუშავებს ამ ქალაქების ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის ხედვას და განახორციელებს მთავრობის პოლიტიკაზე ეფექტიან და რეალურ საპარლამენტო კონტროლს.
  • 28 მაისს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველის მოსმენა ღია და საჯარო ფორმატში წარიმართოს, რათა დაინტერესებულ პირებს და საზოგადოებას მიმდინარე დისკუსიის გაცნობის და შეფასების შესაძლებლობა მიეცეს.განცხადებას ხელს აწერენ:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

მწვანე ალტერნატივა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ღია საზოგადოების ფონდი

 

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი