ახალი ამბები

მუშებს რელსები მოვალეობის შესრულების დროს დაეცათ – რკინიგზელთა პროფკავშირი

27 მაისი, 2019 • 1237
მუშებს რელსები მოვალეობის შესრულების დროს დაეცათ – რკინიგზელთა პროფკავშირი

“რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” ინფორმაციით, “საქართველოს რკინიგზაში” ხიდებისა და გვირაბების ბრიგადირს და მჭედელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რელსები დაეცათ. შემთხვევა ზესტაფონში მოხდა, ორივე მუშა ამ დროისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთის მდგომარეობა მძიმეა.

“ახალი პროფკავშირი” ექიმ ვახტანგ ლაშხზე დაყრდნობით წერს, რომ  პაციენტი საშუალო სიმძიმით, ორივე ქვედა კიდურის მოტეხილობით, დილით, 09:10 საათზე შეიყვანეს საავადმყოფოში. ექიმი ამბობს, რომ ქვედა კიდურებზე დაზიანებები დაშავებულმა რკინის სიმძიმეების დაცემით მიიღო. ამჟამად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

“რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის” ადგილობრივი პირველადი პროფორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, შემთხვევა მოჰყვა დასაწყობებული მასალების ჩამოშლას.

“უსაფრთხოების შესახებ კანონის თანახმად, კომპანია ვალდებულია საწარმოებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები დანიშნოს და მომხდარის მოკვლევის პროცესში დასაქმებულთა წარმომადგენელი ჩართოს. მიუხედავად ამ ვალდებულებებისა, სახელმწიფოს 100% წილის მქონე კომპანია – საქართველოს რკინიგზა, ამ დრომდე არ უზრუნველყობს პროფკავშირის შესაბამის ინფორმირებულობას და ჩართულობას პროცესში, რაც თავის მხრივ კანონის უხეში დარღვევაა.

საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის ამ და სხვა უკანონო საქმიანობას, რაც შრომის უსახფრთხოებისა და შრომითი პირობების უგულებელყოფას უკავშირდება, სახელმწიფოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია უახლოეს პერიოდში განიხილავს”, – წერს პროფკავშირი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

“საქართველოს რკინიგზაში” ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მომხდარის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ზესტაფონში რკინიგზის ორი თანამშრომელი დაშავდა

მასალების გადაბეჭდვის წესი