ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი სალომე ზურაბიშვილს ეხმაურება

27 მაისი, 2019 • 5692
სოხუმი სალომე ზურაბიშვილს ეხმაურება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ეხმაურება  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას, სადაც ზურაბიშვილმა აფხაზური ენის შენარჩუნებისა და რუსიფიკაციის პრობლემაზე ისაუბრა.

“საქართველოს მეორე სახელმწიფო ენა – აფხაზური ენა დღეს ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშაა. საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს კონსტიტუცია იცავს დღეს გაქრობის წინაშე მდგარ ენას.

მაშასადამე, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვგრძნობ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. ჩემი ყოველი საგარეო ვიზიტის დროს ყოველთვის ვლაპარაკობ იმ უკიდურესი მდგომარეობის შესახებ, რომელიც რუსიფიკაციის პოლიტიკამ შეუქმნა აფხაზ ხალხს, მათ კულტურასა და ენას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი განცხადებები “ქართული ელიტისთვის დამახასიათებელი ისტორიული ამნეზიის დემონსტრირება და თანამედროვე რეალიების არაადეკვატური აღქმაა”.

აქვე ნათქვამია, რომ “სწორედ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის დროს იდგა აფხაზური ენა განადგურების ზღვარზე და აფხაზური ინტელიგენცია, რომელიც ენის შენარჩუნებისთვის გამოვიდა, იდევნებოდა, რისი გახსენებაც დღეს საქართველოში არ სურთ”.

“ისტორიულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ აფხაზი ერი ვერ დაეყრდნობა საქართველოს მხრიდან “მზრუნველობას”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი