ახალი ამბები

ლაგოდეხში ექსკურსიაზე წასული 16 წლის გოგო მდინარეში ჩავარდა, მას ახლაც ეძებენ

26 მაისი, 2019 • 2022
ლაგოდეხში ექსკურსიაზე წასული 16 წლის გოგო მდინარეში ჩავარდა, მას ახლაც ეძებენ

ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერთან მდინარეში 16 წლის გოგო ჩავარდა. მაშველები მას ამ დრომდე ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ „ნინოსხევის ჩანჩქერთან“ სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იყვნენ, ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.

„ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 16 წლის გოგონას ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ზედაპირული — სახმელეთო დათვალიერებით, ისე — წყალში“, — იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მოგვიანებით დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც გააფრთხილა ვიზიტორები, რომ „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მარშრუტზე მდინარე ადიდებულია და ინფრასტრუქტურა დაზიანებულია, ამიტომ აჯობებს ალტერნატიული ბილიკებით იარონ.

გარეკანის ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ფოტო 2018 წელსაა გადაღებული და 26 მაისის ინციდენტთან კავშირი არ აქვს

მასალების გადაბეჭდვის წესი