ახალი ამბები

„წადი! წადი!“ — ჭიათურაში დამსაქმებელთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

26 მაისი, 2019 • 1423
„წადი! წადი!“ — ჭიათურაში დამსაქმებელთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

26 მაისის საღამოს ჭიათურაში გაფიცული მაღაროელებსა და დამსაქმებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც დემონსტრანტებმა კომპანიას მოუწოდეს, ჭიათურა დატოვოს.

რუსთავი 2-ის ცნობით, მაღაროელები კომპანიის ადმინისტრაციასთან დათმობაზე წავიდნენ და დათანხმდნენ პირველ ეტაპზე ხელფასის 50-პროცენტიანის ნაცვლად, 30%-იან მატებას, თუმცა იმ პირობით რომ მომავალში დანარჩენი 20%-იც მოემატებოდათ.

არხის ინფორმაციითვე, კომპანიის ადმინისტრაციამ ამ პირობაზეც უარი განაცხადა — ისინი გაფიცულებს კვლავ 25%-იანს ზრდას სთავაზობენ.

შეხვედრის უშედეგოდ დასრულების შემდეგ დემონსტრანტები „ჯორჯიან მანგანეზის“ შენობასთან მივიდნენ და იქ გააპროტესტეს მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა. “თქვენ მოშიმშილეები გაიმეტეთ“, — ამბობს ერთ-ერთი დემონსტრანტი. რ2-ის ცნობით, ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს ქალაქში და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, აქციასა და გაფიცვას შეუერთდნენ. აქცია გრძელდება გამგეობის შენობის წინ, სადაც მოშიმშილეთა კარვებია გაშლილი.

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ „ვახტურ რეჟიმზე“ მომუშავე მაღაროელები 15 მაისს გაიფიცნენ (ვახტური რეჟიმი ნიშნავს თვეში 15 დღის განმავლობაში სახლში წაუსვლელად მუშაობას). მოგვიანებით გაფიცვას 3000-ზე მეტი დასაქმებული შეუერთდა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა „ჯორჯიან მანგანეზს“ მოლაპარაკების შემდეგ. კომპანიის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ნახეთ ასევე:

საჭიროების შემთხვევაში ჩავალთ, ამ ეტაპზე კომპანიაც იაზრებს პრობლემას — თურნავა ჭიათურაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი