ახალი ამბები

საზღვრის საკითხი მე წამოვწიე, შეიძლება ამან რაღაც შედეგი გამოიწვია — ზურაბიშვილი

26 მაისი, 2019 • 3162
საზღვრის საკითხი მე წამოვწიე, შეიძლება ამან რაღაც შედეგი გამოიწვია — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მან წამოიწყო საუბარი საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე, რამაც, შესაძლოა, „რაღაც შედეგები გამოიწვია“.

„როგორც თქვენთვის, ისე ჩემთვის, ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ახლახანს წამოვიწყე ჩვენს ორ პარტნიორთან ერთად. შესაძლოა, ამან გამოიწვია რაღაც შედეგები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ერთი მისია უკვე დაწყებულია, მეორე ალბათ ახლო მომავალში იქნება“, — უთხრა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს 26 მაისს.

ზურაბიშვილის თანახმად, „საჭიროა, სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტრესების დაცვით მივაღწიოთ იმ შედეგს, რასაც ჰქვია საქართველოს გამყარებული სამუდამო საზღვრები“.

მანამდე, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „საზღვრების გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც დამოუკიდებლობა ვერ იქნება დაცული“, რის გამოც „მეგობარ ქვეყნებთან“ მისი ვიზიტების ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტად დააყენა „ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი“.

„აუცილებელია ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება და რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეშლა“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვლმა 20 აპრილს მოინახულა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი და თქვა, რომ აუცილებელია, ძეგლის აღდგენაზე მუშაობა დაიწყოს. იგი დავითგარეჯის სასაზღვრო ზონაში მესაზღვრეებსაც შეხვდა და განაცხადა: “სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს”. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი ზურაბიშვილმა ერთი თვით ადრე, აზერბაიჯანში ვიზიტის დროსაც წამოსწია.

ნახეთ ასევე:

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი