ახალი ამბები

გირგვლიანის საქმის მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილიც უვადოდ გაამწესეს

26 მაისი, 2019 • 2823
გირგვლიანის საქმის მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილიც უვადოდ გაამწესეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებს შორის ერთ-ერთი არის ნაირა გიგიტაშვილი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეს სააპელაციო სასამართლოში განიხილავდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა 24 მაისს გაიმართა. საერთო სასამართლოებში არსებულ 43 ვაკანსიაზე 72 განაცხადი იყო წარდგენილი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სულ 32 მოსამართლე დანიშნა, აქედან 29 – უვადოდ. ამ 29-დან ერთ-ერთი ნაირა გიგიტაშვილია.

გიგიტაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტში ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის თანახმად, 2006-2009 წლებში ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე იყო. სააპელაციომ ქვედა ინსტანციის განაჩენი, რასაც გირგვლიანის ადვოკატები აპროტესტებდნენ, ძალაში დატოვა.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს 2012 წელს ჟურნალ „ლიბერალთან“ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ ნაირა გიგიტაშვილი მის თვალში არ არის მოსამართლე, მას და სხვა რამდენიმე მოსამართლეს „არ შეიძლება ებაროთ ადამინების ბედი, მაგრამ ისე ქნა ბედის უკუღამრთობამ, რომ მათ მოსამართლეები ჰქვიათ და მოსამართლის უცვლელობის პრინციპი მოქმდებს“.

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს შსს-ს თანამშრომლებმა ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც მკვლელობის შემდეგ გამუდმებით მოითხოვდა დამნაშავეების დასჯას და აპროტესტებდა ხელისუფლების ქმედებებს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით, 2007 წლის 24 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. გირგვლიანის საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს. ისინი ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა, შემდეგ კი, 2009 წლის სექტემბერში, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ 2011 წელს გამოწვეყნებულ გადაწყვეტილებებში საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მკაცრად გააკრიტიკა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება“.  გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 მაისის გადაწყვეტილებით დააწინაურა ე.წ. კაბელებისა და ციანიდის საქმეების მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი. იგი სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში დანიშნეს უვადოდ. მანამდე ბუგიანიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა.

დეტალებისთვის ნახეთ:

სახალხო დამცველი დეკანოზის საქმეზე: მართლმსაჯულება არ აღსრულდა

მასალების გადაბეჭდვის წესი