ახალი ამბები

გარეჯას მიმდებარედ გზის გაყვანის სამუშაოები გრძელდება – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

25 მაისი, 2019 • 1302
გარეჯას მიმდებარედ გზის გაყვანის სამუშაოები გრძელდება – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ დავითგარეჯას მიმდებარედ გზის გაყვანის სამუშაოები განაახლა. ამის შესახებ დეკანოზი “ფეისბუქზე” წერს.

“შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავითგარეჯას მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური, დილიდან გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა, მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატეს”, – აცხადებს ის.

“ნეტგაზეთი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ინფორმაციას ამოწმებენ.

მანამდე, 25 მაისის საღამოს, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი აცხადებდა, რომ აზერბაიჯანმა ჩიჩხიტურის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები შეწყვიტა. დეკანოზი იუწყებოდა, რომ აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება მხარეებს შორის გამართული დიალოგის შემდეგ შედგა.

25 მაისსვე, ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა. 

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იუწყებოდა, რომ ბაქოში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანული და ქართული მხარეები შეთანხმდნენ, სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთები ადგილზე ერთობლივად დაათვალიერონ ექსპერტების დონეზე.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, შეისწავლონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტები და კარტოგრაფიული მასალები და შეფასება, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან.

საგარეო უწყების ცნობით, შეთანხმების თანახმად, კომისიის მორიგი სხდომის ქ. თბილისში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი